Accentnews.ge
კალაძე - ჰერჩინსკიზე: "ყველა განვითარებული ქვეყანა გამოაპანღურებდა"

კალაძე - ჰერჩინსკიზე: "ყველა განვითარებული ქვეყანა გამოაპანღურებდა"

06/10/2024 12:36:07 ევროპა, პოლიტიკა

თბილისის მერი, „ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე მმართველი პარტიის საარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით ევროკავშირის ელჩის - პაველ ჰერჩინსკის კრიტიკას მკვახედ პასუხობს და აცხადებს, რომ მას „ყველა განვითარებული ქვეყნიდან გააპანღურებდნენ“.

„ყველა განვითარებულ ქვეყანაში, ვინც ასეთ რამეს იკადრებდა, გამოაპანღურებდნენ ქვეყნიდან მაშინვე. უნდა მოვუწოდოთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს, მთელს მსოფლიოს გავაგებინოთ, როგორ იქცევა ევროკავშირის ელჩი და სხვა კონკრეტული საელჩოები” – განუცხადა ჟურნალისტებს კალაძემ.

ცნობისთვის: ელჩმა ჰერჩინსკიმ „აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენი” უწოდა „ქართული ოცნების” საარჩევნო ბანერებს, რომლებზეც რუსეთის აგრესიის მსხვერპლი უკრაინის დაბომბილი ქალაქები და ოპოზიციური სუბიექტების წითელი ჯვრით გადახაზული საარჩევნო ნომრებია გამოსახული წარწერის "არა ომს" ფონზე, ხოლო მეორე მხარეს - "ქართული ოცნების" ლოგო, მშვიდობიანი ქართული ქალაქები და წარწერა - "კი მშვიდობას".

აღსანიშნავია, რომ საქართველოს დასავლელი პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლების "გაპანღურების" იდეა კალაძეს ადრეც გაუჟღერებია, კერძოდ - მაისში, "რუსული კანონის" წინააღმდეგ საპროტესტოდ გასული ქართველების მხარდასაჭერად ქვეყანაში ჩამოსული და აქციაზე მისული სამი ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მისამართით - "ყველა განვითარებული ქვეყანა ხელს მოჰკიდებდა ამ საგარეო საქმეთა მინისტრებს და პანღურებით გაყრიდა ქვეყნიდანო”.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S