
"ჰეზბოლამ" ისრაელზე სარაკეტო შეტევა მიიტანა , არიან დაჭრილები
07/10/2024 04:10:04 მსოფლიო
ლიბანური დაჯგუფება "ჰეზბოლას" მიერ ისრაელის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ჰაიფაზე განხორციელებულ სარაკეტო შეტევის შდეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიჭრა..
"ჰეზბოლას" ცნობით, სამიზნე ისრაელის სამხედრო ბაზა ქარმელი იყო.
ისრაელის პოლიციის ინფორმაციით, რაკეტების ნამსხვრევები ქალაქის ორ დასახლებულ რაიონშია აღმოჩენილი. ისრაელის არმიის ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის სისტემამ დააფიქსირა ხუთი რაკეტა, თუმცა, ყველას მოგერიება ვერ შეძლო.
ისრაელის ოფიციალური მონაცემებით, 6 ოქტომბერს "ჰეზბოლამ" ისრაელის მიმართულებით საერთო ჯამში, 100-მეტი რაკეტა ისროლა.
ცნობისთვის: "ჰეზბოლა" წარმოადგენს როგორც გასამხედროებულ ჯგუფს, ისე პოლიტიკურ პარტიას და ლიბანის სამხრეთში აკონტროლებს შიიტებით დასახლებული რაიონების დიდ ნაწილს. ისრაელის გარდა, "ჰეზბოლა" ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავს გამოცხადებული აშშ-ს. ევროკავშირი ასეთად აღიარებს მხოლოდ ორგანიზაციის სამხედრო ფრთას.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ლიბანში "ჰეზბოლას" წინააღმდეგ ინტენსიური საჰაერო ოპერაცია 2024 წლის სექტემბრის ბოლოდან დაიწყეს, ოქტომბრიდან კი ლიბანის სამხრეთში სახმელეთო შეტევაზეც გადავიდნენ. ისრაელი აცხადებს, რომ ამ ოპერაციის მიზანია "ჰეზბოლას" თავდასხმებისგან ქვეყნის ჩრდილოეთის დაცვა.
ლიბანის მთავრობის მონაცემებით, ისრაელის ავიადარტყმების შედეგად დაღუპულია 1400-ზე მეტი ადამიანი, დაახლოებით მილიონი კი იძულებული გახდა სახლები დაეტოვებინა. გაეროს წარმომადგენლები ისრაელს ჰუმანიტარული სამართლის დარღვევაში ადანაშაულებენ.
ისრაელის ხელისუფლება აცხადებს, რომ ებრძვის მხოლოდ "ჰეზბოლას" ტერორისტებს და არა ლიბანელ ხალხს, ამიტომ კონკრეტულ რაიონებზე დარტყმამდე ადგილობრივ მცხოვრებთ ევაკუაციისკენ მოუწოდებს.
"ჰეზბოლას" მხარდამჭერია ირანის ისლამური რესპუბლიკა, რომელმაც 1 ოქტომბერს ისრაელზე სარაკეტო იერიში მიიტანა და პასუხის შემთხვევაში, უფრო მასშტაბური დარტყმით დაემუქრა.