
„ელიავას ბაზრობის“ არსებული ფორმით დატოვება კატეგორიულად მიუღებელია“
05/02/2020 08:00:29 საშინაო პოლიტიკა
თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, „ელიავას ბაზრობის“ არსებული ფორმით დატოვება კატეგორიულად მიუღებელია.
როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, „ელიავას ბაზრობა“ ადგილს არ შეიცვლის, მაგრამ შემუშავდება განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომლის ფარგლებშიც არსებული მდგომარეობა გამოსწორდება.
„მე მგონი, არავის მოგვწონს “ელიავას ბაზრობის“ ფუნქციონირება დღევანდელი ფორმით. ეს წარმოადგენს სერიოზულ დისკომფორტს იქ მომუშავე ადამიანებისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ყოველდღიურად მიდის იქ რაღაცეების შესასყიდად. მუშაობის შედეგად გადაწყდა, რომ იმ ფორმით დატოვება მიუღებელია და რომ განაშენიანების რეგულირების გეგმის ფარგლებში მოხდეს ელიავას ბაზრობის განვითარება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
ამასთან, მისივე თქმით, „ელიავას ბაზრობაზე“ მომუშავე ადამიანებს საქმიანობას არ შეუზღუდავენ:
„ვიღაცემა რომ არ გამოიყენონ ბოროტად ეს საკითხი, გეტყვით, რომ ხელს არავის ვუშლით და საქმიანობას არავის ვუზღუდავთ“.