07-10-2024 17:53:43 კონფლიქტები ,ანალიზი
„ქართულ ოცნებაში“ გამორიცხავენ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქართულ რეგიონებთან - აფხაზეთთან და ცხინვალთან კონფედერაციის იდეას, თუმცა კვლავ არ გვთავაზობენ კონკრეტულ გეგმას და შემოიფარგლებიან ზოგადი ფრაზებით, რომ საქართველო დეოკუპაციას განახორციელებს მხოლოდ „მშვიდობით, განვითარებით, შერიგების და ურთიერთმიტევების გზით“.
რა ხდება?
თემა საარჩევნო პერიოდში გაააქტიურა "ქართულმა ოცნებამ". პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ „ნებისმიერ მომენტში შეიძლება დადგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი, რაც საჭირო გახდის საქართველოს კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებების შეტანას“.
მისი თქმით, „აუცილებელია ქვეყნის მმართველობის სისტემისა და ტერიტორიული სტრუქტურის გადახედვა". გარდა ამისა, მან 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის დაწყებაში „ნაციონალურ მოძრაობას“ დასდო ბრალი და ცხილვალის „ცეცხლის ალში გახვევისთვის“ ბოდიშის მოხდის წინადადებით გამოვიდა, რამაც ბევრი აღაშფოთა, მათ შორის, ომის გმირების ოჯახები.
29 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გამოაცხადა მზადყოფნა, დაეხმაროს საქართველოს მის "მეზობლებთან" - აფხაზეთთან და ცხინვალთან შერიგებაში. მოგვიანებით, აფხაზეთისა და ცხინვალის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე მან თქვა, რომ „2008 წლის გადაწყვეტილებები გადასინჯვას არ ექვემდებარება“.
თბილისის მერი, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე მიესალმა ლავროვის სიტყვებს და თქვა, რომ მოსკოვს სჭირდება „ეფექტურ ნაბიჯებზე გადასვლა“ - დაიწყოს აფხაზეთიდან და ცხინვალიდან რუსი სამხედროების გაყვანის გეგმის შემუშავება.
რუსეთი არ გაიყვანს ჯარებს აფხაზეთისა და ცხინვალიდან და არ განიხილავს მათ საქართველოში დაბრუნების ვარიანტსო, - თქვა საპასუხოდ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს, ევრაზიულ ინტეგრაციასა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ კონსტანტინე ზატულინმა.
„არანაირი აღიარება და მსგავსი ანტიეროვნული საკითხები არ განიხილება!“
ბევრი ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ საუბარია სწორედაც კონფედერალურ მოდელზე, რომლის დროსაც საქართველოს მოუწევს აფხაზეთისა და ცხინვალის "დამოუკიდებლობის" აღიარება.
„კონფედერაცია არის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა ხელშეკრულებითი ერთიანობა. კონფედერაციის სუბიექტი როდესაც მოინდომებს, მაშინ გავა კონფედერაციის შემადგენლობიდან.
ეს არის ძალიან მყიფე გაერთიანება, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება დაიშალოს“,- განმარტავს „აქცენტთან“ კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე.
6 ოქტომბერს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ საქართველო არ აპირებს აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარებას და მათთან კონფედერაციის შექმნას და "აგენტები" დაადანაშაულა "ანტიეროვნული ჭორების" გავრცელებაში.
"ყველამ კარგად დაიმახსოვროს ქართველი ხალხის და ჩვენი პოზიცია:საქართველო არასდროს დააყენებს ეჭვქვეშ ქვეყნის მთლიანობის საკითხს! ერთიანი საქართველოს იდეა, ეს არის ჩვენი ქართული ოცნება, რომელიც აუცილებლად ახდება! არანაირი აღიარება და მსგავსი ანტიეროვნული საკითხები არ განიხილება! მათ შორის გამორიცხულია კონფედერაციაზე დათანხმება, რაც ასევე ნიშნავს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებას!",- დაწერა მან სოციალურ ქსელში და დასძინა, რომ საქართველო დეოკუპაციას განახორციელებს მხოლოდ „მშვიდობით, განვითარებით, შერიგების და ურთიერთმიტევების გზით“.
მას დაუკონკრეტებია, როგორ გეგმავს მმართველი ძალა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. კონფედერაციის იდეა უარყო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმაც.
„დღეს, როდესაც ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობა დავიწყეთ, ჩვენთვის ყველაზე მთავარი არის, რომ ჩვენი სწორი პოლიტიკით, ქმედებებით, განვითარებით, მშვიდობით, წინსვლით მოვახდინოთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მაშინვე გადაირივნენ. გახსოვთ, რა განცხადებებს აკეთებდნენ,- თქვა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა სპიკერმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, თუმცა არ დაუზუსტებია, რა „მუშაობაზეა“ საუბარი, „არანაირ კონფედერაციაზე და აღიარებაზე არ არის საუბარი. წარმოუდგენელია, რომ ჩვენ მსგავსი გადაწყვეტილება მივიღოთ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინოთ. ურთიერთ პატიებით, ურთიერთ პატივისცემით, ნდობის აღდგენით უნდა მოვახდინოთ თანაცხოვრება“.
რას ამბობს კონსტიტუცია
ამ საკითხში გარკვევას „აქცენტი“ კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძის დახმარებით შეეცადა.
„კონსტიტუციაში წერია, რომ განსხვავებით სხვა შემთხვევებისგან, როდესაც კონსტიტუციაში შედის ცვლილება, ის მაშინვე შეიძლება ამოქმედდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის შემადგემლობის არანაკლებ 3/ 4 (113 ხმა) - ეს ძალიან მაღალი კვორუმია.
კონსტიტუციაში ასევე წერია, რომ თუ საკითხი უკავშირდება ტერიტორიულ მთლიანობის აღდგენას და ამ დროს აუცილებელი იქნება კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა, ეს მიიღება არა 3/4-ის უმრავლესობით, არამედ 2/3-ის (100 ხმა) უმრავლესობით და მაშინვე ამოქმედდება. ესეც კონსტიტუციური უმრავლესობაა“,- გვეუბნება ხმალაძე.
თუკი შეიქმნა ისეთი ვითარება, როდესაც სეპარატისტულ რეგიონებთან შეთანხმდა მთელი რიგი საკითხები და ამის იურიდიული გაფორმება დადგება დღის წესრიგში, კონსტიტუციონალისტი განმარტავს, რომ საჭირო იქნება კონსტიტუციური კანონის მიღება (კონსტიტუციის შემადგენელი ნაწილია) აფხაზეთის სტატუსის შესახებ, ცხინვალის რეგიონის სტატუსის შესახებ - როგორია უფლებამოსილებები, როგორ არის ის ჩართული ერთიანი სახელმწიფოს სისტემაში.
აქ საკვანძო საკითხია უფლებამოსილებათა განაწილება, მათ შორის, სახელწოდება - ფორმალური სახელწოდება რა იქნება ამ ერთეულებისა. ფორმები კი შეიძლება იყოს დაწყებული უნიტარული სახელმწიფოთი, (როგორიც დღესაა საქართველო); ასევე რეგიონული დეცენტრალიზაცია - ამ ტიპის მოწყობაა მაგალითად, ესპანეთში, ისტალიაში - როდესაც ავტონომიის მაღალი ხარისხი აქვთ სახელმწიფოს შემადგენელ სტრუქტურულ ერთეულებს. ეს არ არის სრულად ფედერაცია, არის უფრო ნაკლებად ინტეგრირებული უფლებამოსილებათა თვალსაზრისით; ფედერაცია - ამგვარი მოწყობისაა მაგალითად, გერმანია, ავსტრია; ასევე არსებობს მოდელი კონფედერაციისა - ევროპაში კონფედერაცია არ არსებობს. შვეიცარიას კი ჰქვია კონფედერაცია, მაგრამ უფრო ისტრიული სახელწოდებაა შენარჩუნებული, უფლებამოსილებების თვალსაზრისით შვეიცარიაც ფედერაციაა“.
კონსტიტუციონალისტი ხაზს უსვამს მნიშვნელოვან გარემოებას:
„ეს ცვლილება შეიძლება განხორცვიელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს შეთანხმება სეპარატისტულ რეგიონებთან. თუ საუბარი არ არის კონფედერაციაზე, მაშინ ნებისმიერ სხვა ვარიანტზე რომელი პოლიტიკური პარტრია იტყოდა უარს? შესაბამისად, ერთ პარტიას რატომ სჭირდება კონსტიტუციური უმრავლესობა? ეს კითხვა არსებობს. ამიტომ, ვფიქრობ, ეს ფარსია და არა რეალობა!“
„ვითარების გადარჩენას ცდილობენ!“
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლების ერთადერთი ინტერესი ძალაუფლების შენარჩუნებაა:
„რეალურად არც სჭირდებათ საკონსტიტუციო უმრავლესობა - სჭირდებათ უმრავლესობა იმისთვის, რომ დაამტკიცონ მთავრობა, ბიუჯეტი და კანონები როგორც სურთ. შიგნით არანაირი მსჯელობა, მოაგვარონ კონფლიქტები ან ტრანსფორმაცია მოახდინონ ამ მიმართულებით, არ არსებობს!“.
სწორედ ამ მიზნით, ზაქარეიშვილის დაკვირვებით, ხელისუფლებამ საარჩევნოდ გაააქტიურა მგრძნობიარე თემები, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი და თავადვე აღმოჩნდა ჩიხში - მას შემდეგ, რაც რუსეთმა ამ მიმართულებით პროპაგანდის განვითარების შესაძლებნლობა არ მისცა, მკაფიოდ განაცხადა, რა რომ არ გეგმავს აღიარების უკან გაწვევას, საზოგადოებაში განჩნდა განცდა, რომ „ოცნება“ მართლაც ემზადება საქართველოს ამ ორი რეგიონის „დამოუკიდებლობის“ აღიარებისთვის, მით უფრო, რომ უკვე არსებობდა ფონი - კონფედერაციის თემამ გაიჟღერა რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენის დავით ხიდაშელისა და პარლამენტის ვიცე-სპიკერ გია ვოლსკის შეხვედრაზე, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის „დროას“ მეშვეობით გახდა ცნობილი.
„ამიტომ, კიდევ ბევრჯერ იტყვიან, რომ არ ფიქრობენ ამაზე“,- ამბობს „აქცენტთან“ კონფლიქტოლოგი.
„ყველა მიმართულებით სრული „ჩავარდნა“აქვთ! კვლევებში აშკარად ჩანს, რომ ბოდიშის მოხდა იქნება თუ კონფედერაცია, ადამიანებისთვის მიუღებელია! ამიტომ ფორმულა შეცვალეს - უკვე თელავში ივანიშვილმა ცალმხრივი ბოდიში შეცვალა და თქვა, რომ ორმხრივი უნდა იყოს და იმეორებენ ურთიერთმიტევებას. მათ ეშინიათ ხმების დაკარგვის და არანაირი კონფლიქტის მოგვარება არ უნდათ. კონფედერაციას უარყოფენ იმიტომ, „იქნებ საზოგადოება დავაჯეროთ, რომ არსებობს სხვა ვერსიაო“, რაც რეალურად არ არსებობს.
მათ კარგად იციან, რომ წაგებული აქვთ არჩევნები და არა მოგებას, არამედ სიტუაციის გადარჩენას ცდილობენ, თუმცა ყველა მათი ნაბიჯი მათ წინააღმდეგ მუშაობს“.
ის დარწმუნებულია, რომ კონფლიქტების მოგვარების ერთადერთი გზა, თან უმტკივნეულო ევროკავშირში გაწევრიანებაა, ხელისუფლება კი ზურგს აქცევს მას, მხოლოდ იმიტომ, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს.
„უკრაინელების ბრძოლით მოგვეცა საშუალება, ხელახლა დავწეროთ საქართველოს ისტორია. ევროპა თუ რუსეთი - აფხაზებსაც და ოსებსაც უდგათ ეს საკითხი, როგორც ჩვენ. ჩვენ უნდა ვთავაზობდეთ მათ ევროპას, ამ დროს კი ევროპას ვეუბნმებით უარს და რას ვთავაზობთ , მოსკოვში შევხვდეთ ერთმანეთსო?! მთელი ტრაგედია ისაა, რომ რუსეთი არის ომი!
ამიტომ არის მნიშვნელოვანი ეს არჩევნები - ეს არჩევნები გადაწყვეტს, საქართველოს არა მხოლოდ დღევანდელ დღეს, არამედ - მომავალს!“,- დასძენს კონფლიქტოლოგი.