
აშშ-მა "ჰამასის" დამფინანსებელების წინააღმდეგ სანქციები დააწესა
08/10/2024 06:01:47 მსოფლიო
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ რადიკალური დაჯგუფება "ჰამასის" დაფინანსების წყაროების წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა.
სანქციების სიაში ოთხი პირი და ერთი ორგანიზაცია მოხვდა. სამინისტროს ცნობით, "ისინი "ჰამასისთვის" თანხებს ქველმოქმედების საფარქვეშ აგროვებენ".
აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ანგარიშში მითითებულია, რომ სანქციების სიაში მოხვდა "ჰამასის" ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დონორი, თურქეთში მცხოვრები იემენის მოქალაქე ჰამიდ აბდულა ჰუსეინ ალ-აჰმარი. ეს ბიზნესმენი ფლობს ცხრა კომპანიას იემენში, თურქეთში, ლიბანსა და ჩეხეთში. ეს კომპანიაებიც სანქციების სიაშია.
"ალ-აჰმარი "ჰამასის" საინვესტიციო პორტფოლიოს ერთ-ერთ მთავარ მონაწილედ გვევლინება, რომლის მეშვეობით დაჯგუფებამ 500 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების აქტივები მოიპოვა. 2013 წლიდან ალ-აჰმარი ასევე ხელმძღვანელობს ლიბანის "ალ-კუდსის" საერთაშორისო ფონდს, რომელიც "ჰამასს" ქველმოქმედების საფარქვეშ აფინანსებს", – აცახდებენ ფინანსთა სამინისტროში.
სანქციების სიაში ასევე შედის ევროპაში მცხოვრები სამი პირი, რომლებიც "ჰამასის" ფინანსური წარმომადგენლები არიან ევროკავშირის ქვეყნებში: მოჰამედ ჰანუნი იტალიაში, მაჯიდ ალ-ზეჰერი გერმანიაში და ადელ დაგმანი ავსტრიაში".
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო მიუთითებს, რომ "ჰამასი" და მისი მოკავშირეები აგროვებენ თანხებს, თითქოსდა პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარებისთვის, მაგრამ სინამდვილეში თანხა მიდის "ჰამასის" სამხედრო ფრთის მხარდასაჭერად".
"ჰამასი" აშშ-ში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული.
"ტრანზაქციები ხშირად ხორციელდება არალიცენზირებული ბანკების მეშვეობით, როგორიცაა ასევე სანქცირებული Al-Intaj Bank", – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.