ტიკარაძე კორონავირუსის გამოვლენის შემთხვევაში პაციენტებს „სწრაფ და ხარისხიან“ დახმარებას ჰპირდება
05/02/2020 11:00:29 საზოგადოება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსის გამოვლენის შემთხვევაში პაციენტებს „სწრაფ და ხარისხიან“ დახმარებას ჰპირდება. ამის შესახებ მან პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ქვეყანაში ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მოვახდინოთ კორონავირუსის შემოტანის პრევენცია. იმ შემთხვევაში, თუ ინფექცია მაინც დაფიქსირდა, ქვეყანა მზადაა, პაციენტებს სწრაფი და ხარისხიანი გადაუდებელი დახმარება გაუწიოს. მინდა, საჯაროდ გადავუხადო მადლობა სამედიცინო პერსონალს, ეპიდემიოლოგების მთელ გუნდს, ლუგარის ლაბორატორიის, ასევე დაავადებათა კონტროლის სამსახურის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლებს თავდაუზოგავი შრომისა და აქტიური თანამშრომლობისთვის. მოგეხსენებათ, თბილისის ლუგარის სახელობის ლაბორატორიას უკვე აქვს საშუალება, ვირუსის იდენტიფიცირება/დიაგნოსტირება მოახდინოს“, - განაცხადა მინისტრმა.
ცნობისთვის: ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 490-ს მიაღწია, ინფიცირებულია 24 000–ზე მეტი ადამიანი. ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ–ჯერობით არ არსებობს. ჩინეთის ჰუბეის პროვინციიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაცია გრძელდება. კორონავირუსის საფრთხის გამო ჩინეთიდან საქართველოს 3 მოქალაქე - თურქეთში, ხოლო 2 საფრანგეთშია ევაკუირებული. არსებული ინფორმაციით, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა.
თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ ჩინეთიდან დაბრუნებული 4 მოქალაქე იმყოფება. კლინიკიდან სავარაუდოდ, გაეწერება ის ორი პაციენტი, რომელთაც ნიდერლანდებიდან მიღებული პასუხის თანახმად, კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ. რაც შეეხება დანარჩენ ორ პაციენტს, მათი ანალიზები თბილისის ლუგარის სახელობის ლაბორატორიაში გაიგზავნება.


