
სამხრეთ კორეა: ჩრდილოეთ კორეა რუსეთის მხარდასაჭერად უკრაინაში სავარაუდოდ, ჯარებს გაგზავნის
08/10/2024 10:50:12 მსოფლიო
სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრო თვლის, რომ ჩრდილოეთ კორეა, სავარაუდოდ, რუსეთის მხარდასაჭერად უკრაინაში გაგზავნის თავის რეგულარულ შეიარაღებულ ძალებს. ამის შესახებ უკრაინული მედია სამხრეთ კორეულ Yonhap-ზე დაყრდნობით წერს. გამოცემა, თავის მხრივ, ეყრდნობა სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრის კიმ იონგ ჰიონის მიერ საპარლამენტო მოსმენების დროს გაკეთებულ განცხადებას.
"ვინაიდან რუსეთმა და ჩრდილოეთ კორეამ ერთობლივ შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომელიც სამხედრო კავშირს გავს, უკრაინაში ჯარის გაგზავნის ალბათობა მაღალია",- თქვა მინისტრმა.
ცივილიზებულ სამყაროსთან დაპირისპირების ფონზე, რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა აღრმავებენ ურთიერთობებს. 2024 წლის ივნისში ვლადიმირ პუტინმა და კიმ ჩენ ინმა ხელი მოაწერეს ერთობლივ შეთანხმებას, რომელიც სამხედრო სფეროში თანამშრომლობასაც გულისხმობს.
5 ოქტომბერს, რამდენიმე უკრაინულმა მედიასაშუალებამ დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ 3 ოქტომბერს დონეცკის მახლობლად რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა 20-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის ექვსი ჩრდილოეთ კორეელი ოფიცერი.