Accentnews.ge
MI5-ის ხელმძღვანელი: რუსეთის დაზვერვა ბრიტანეთის და ევროპის ქუჩებში ქაოსის მოსაწყობად ემზადება

MI5-ის ხელმძღვანელი: რუსეთის დაზვერვა ბრიტანეთის და ევროპის ქუჩებში ქაოსის მოსაწყობად ემზადება

09/10/2024 06:35:06 ევროპა

ბრიტანეთის კონტრდაზვერვის MI5-ის ხელმძღვანელმა კენ მაკკალუმმა განაცხადა, რომ რუსული დაზვერვა მიზნად ისახავს „ქაოსის გამოწვევას ბრიტანეთისა და ევროპის ქუჩებში“ და გამოვიდა გაფრთხილებით, რომ გაერთიანებული სამეფო ახლა ყველაზე რთული და მრავალფენიანი საფრთხის წინაშე დგას თავის ისტორიაში.

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, 750-ზე მეტი რუსი დიპლომატი გააძევეს ევროპიდან, რომელთაგან ბევრი ჯაშუში იყო.

მაკკალუმის თქმით, რუსეთის სადაზვერვო სამსახურები ასრულებენ „უწყვეტ მისიას, შექმნან ქაოსი ბრიტანეთისა და ევროპის ქუჩებში“ „ხანძრის, დივერსიის და სხვა მექანიზმების“ მეშვეობით. კონტრდაზვერვის ხელმძღვანელს არ დაუკონკრეტებია რა კონკრეტული ქმედებები ჰქონდა მხედველობაში, მაგრამ ახლახან ბრიტანეთის და ევროპის სხვა ქვეყნების ხელისუფლებებმა გაავრცელეს ცნობები რუსული სპეცსამსახურების რამდენიმე ქსელის აღმოჩენის შესახებ, რომლებიც მიზნად ისახავდნენ დივერსიის მოწყობას.

კერძოდ, ოქტომბრის დასაწყისში ლონდონში უკრაინელი ბიზნესმენების საკუთრებაში არსებული შენობის დაწვაში ბრალდებულთა სასამართლო პროცესი დაიწყო ლონდონში. პროკურატურის ცნობით, ისინი რუსული "ვაგნერის" დავალებით მოქმედებდნენ.

მაისში პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა გამოაცხადა ცხრა ადამიანის დაკავება, რომლებსაც ბრალად ედებოდათ სხვადასხვა დივერსიული აქტების მოწყობა ევროპის რამდენიმე ქვეყანაში რუსული სპეცსამსახურების მითითებით.

აპრილში ორი მამაკაცი დააკავეს გერმანიაში რუსეთის სპეცსამსახურის დავალებით დივერსიის დაგეგმვის ბრალდებით. პროკურატურის ინფორმაციით, ეს ადამიანები გერმანიაში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზებზე თავდასხმების მოწყობას აპირებდნენ, სადაც უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები იწვრთნებიან.

რუსეთის ხელისუფლება ზოგადად უარყოფს ბრალდებებს დიდ ბრიტანეთში და ევროპის სხვა ქვეყნებში დივერსიის მოწყობის შესახებ და ამტკიცებს, რომ ლონდონი ცდილობს "ანტირუსული ისტერიის გაღვივებას".

თავის გამოსვლაში მაკკალუმმა მიმართა მტრულად განწყობილ ქვეყნებთან მუშაობის მსურველებს: „თუ ირანიდან, რუსეთიდან ან რომელიმე სხვა სახელმწიფოდან იღებ ფულს გაერთიანებულ სამეფოში უკანონო ქმედებების განსახორციელებლად, თავს დაგატყდებათ ეროვნული უსაფრთხოების აპარატის სრული სიმძიმე. ეს არის არჩევანი, რომელსაც ინანებთ!"

ამასთან, მისი თქმით, 2022 წლიდან მოყოლებული, სამსახურმა აღმოაჩინა ირანის მიერ მხარდაჭერილი 20 შეთქმულება.

ირანის მხრიდან საფრთხე გაიზარდა "უპრეცედენტო მასშტაბით", - თქვა მაკკალუმმა. მისი თქმით, ირანი, რუსეთთან ერთად, იყენებს ყველა სახის მარიონეტულ საშუალებას, მათ შორის ორგანიზებულ დანაშაულს, რათა „აკეთოს თავისი ბინძური საქმე“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S