
ახალგორის ოკუპირებული რაიონიდან სამკურნალოდ თამარ გიგაური გამოუშვეს
05/02/2020 12:26:12 კონფლიქტები
ახალგორის ოკუპირებული რაიონიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოვიდა 67 წლის თამარ გიგაური, რომელიც გასული წლის ნოემბერში ჭაში ჩავარდა და თვეების განმავლობაში მძიმედ იყო ტრავმირებული.
ოჯახის არაერთი მცდელობის მიუხედავად, დე ფაქტო ხელისუფლება დღემდე უარს ამბობდა თამარ გიგაურისთვის ე.წ. საზღვრის გახსნაზე, რათა მას სამედიცნო მომსახურება ქართულ კლინიკაში მიეღო.
თამარ გიგაურის ნათესავების ინფორმაციით, მას ე.წ. საშვი მხოლოდ 4 თებერვალს მისცეს. დღეს, 5 თებერვალს კი თამარ გიგაური წეროვანში მცხოვრებ ნათესავებთან ჩავიდა. ამჟამად მას სამედიცინო გამოკვლევებს უტარებენ.
ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორელ პენსიონერებს (რომლებიც არ არიან „სამხრეთ ოსეთის“ ან რუსეთის მოქალაქეები და საქართველოს მოქალაქის პენსიას იღებენ) დანარჩენი საქართველოსკენ გზა 24 იანვარს გაუხსნა. მათ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოსასვლელად ე.წ. საშვებს აძლევენ. დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენელთა ინფორმაციით, 6 თებერვლიდან ე.წ. „საზღვარი“ ისევ დაიკეტება და შემდეგ ორ თვეში ერთხელ გაიხსნება.
დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორის ოკუპირებულ რაიონთან ე.წ. საზღვარი 2019 წლის 4 სექტემბერს ჩაკეტა. დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ გზა არ გაიხსნება, სანამ საქართველოს ხელისუფლება წნელისთან 2019 წლის აგვისტოს ბოლოს განთავსებულ საპოლიციო საგუშაგოს არ გააუქმებს.