
მარეგულირებელმა "მთავარი არხი", "ფორმულა" და "ტვ პირველი" სამართალდამრღვევებად სცნო
09/10/2024 11:32:14 საზოგადოება
მარეგულირებელმა კომისიამ "მთავარი არხი", "ფორმულა" და "TV პირველი" "ქართული ოცნების" საარჩევნო რეკლამის განუთავსებლობის გამო სამართალდამრღვევებად სცნო.
ოპოზიციური მედიის წინააღმდეგ მმართველი პარტიის სარჩელის განხილვა ცოტა ხნის წინ დასრულდა, – იუწყება "მთავარი არხი".
"ოცნება" ითხოვს, რომ უკრაინელი ხალხის ტრაგედიაზე აგებული და ღირსების შემლახავი, ჰუმანურობისა და ზნეობისგან დაცლილი ვიდეორგოლის ეთერში გაშვებას, რაზეც სამი კრიტიკული ტელევიზია უარს აცხადებს. მარეგულირებელი კომისია მაქსიმუმ მომდევნო ორი დღის განმავლობაში მოამზადებს დასკვნას, თუ რის საფუძველზე სცნო სამართალდარღვევებად სამი კრიტიკული მედია. რის შემდეგაც დოკუმენტი სასამართლოში გადაიგზავნება, რომელიც უკვე ჯარიმის ოდენობაზე იმსჯელებს. სავარაუდოდ, მაუწყებლებს 5 000 –ლარიანი ჯარიმა დაეკისრებათ", – იტყობინება ტელეარხი.
ცნობისთვის: თბილისში გამოჩნდა პარტია "ქართული ოცნების" საარჩევნო ბანერები წარწერით: "არა ომს, აირჩიე მშვიდობა". ზოგ ბანერზე მარცხენა მხარეს გამოსახულია უკრაინის დონეცკის ოლქის სოფელ ბოგოროდიჩნეში დაბომბვის შედეგად განადგურებული ტაძარი, მარჯვნივ კი თბილისის სამების ტაძარი. ბანერების მარცხენა მხარეს შავ-თეთრი ფოტოებია, მარჯვენა მხარეს კი - ფერადი.
კიდევ ერთი პლაკატზე მარცხნივ გამოსახულია განადგურებული მარიუპოლის თეატრი, მარჯვნივ - სენაკის თეატრი, რომელიც "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული "ქართუ ფონდის" მიერაა რეაბილიტირებული.
ბანერების მარცხენა მხარეს, სადაც ომის დროს დანგრეული უკრაინული შენობებია გამოსახული, გადახაზულია შემდეგი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ნომრები:
4 - „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“
5 - „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“
9 - „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“
25 - „გახარია საქართველოსთვის“.
"ასეთი შეურაცხმყოფელი არაფერი მინახავს, “ღირსებით” ჯოჯოხეთისკენ!", – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აღნიშნულ ბანერებს.
"იყო და არის აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენი, - ასე შეაფასა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ "ქართული ოცნების" საარჩევნო ბანერები.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს "პოლიტიკურ რეკლამაში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დაუნდობელი ომის შედეგების სურათების გამოყენებას".
ოფიციალური კიევი “ქართულ ოცნებას” და ყველა დაინტერესებულ მხარეს მოუწოდებს, თავი შეიკავონ უკრაინისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ აგრესიული ომის თემის საქართველოს შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში გამოყენებისგან".