
ზელენსკი: ფრონტზე არსებული ვითარება იძლევა ომის არაუგვიანეს 2025 წლისა დასრულების შესაძლებლობას
09/10/2024 17:13:52 მსოფლიო
„ოქტომბერში, ნოემბერში და დეკემბერში გვაქვს შანსი, ვითარება მშვიდობისა და სტაბილურობისკენ დავძრათ. ბრძოლის ველზე არსებული ვითარება ქმნის ამ არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას - არჩევანის გადამწყვეტი ქმედებებისთვის ომის დასასრულებლად არაუგვიანეს 2025 წლისა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დუბროვნიკში "უკრაინა-სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის" სამიტზე.
სამიტზე უკრაინამ და ხორვატიამ გააფორმეს შეთანხმება გრძელვადიანი მხარდაჭერისა და თანამშრომლობის შესახებ, რომელსაც ხელი მოაწერეს პრეზიდენტმა ზელენსკიმ და ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი პლენკოვიჩმა.
ხორვატიასთან შეთანხმება, ისევე როგორც სხვა მსგავსი შეთანხმებები უკრაინის უსაფრთხოების შესახებ, 10 წელი იქნება ძალაში, იუწყება RBC-Ukraine. იგი ამყარებს თანამშრომლობას ორი ქვეყნის თავდაცვით-სამრეწველო კომპლექსებს შორის, ერთობლივი თავდაცვის წარმოების პერსპექტივებს და უკრაინაში პროექტების ლოკალიზაციას.
ხორვატიამ ასევე გამოყო 10 მილიონი ევრო უკრაინის ნაღმებისგან გასაწმენდად და გააგრძელებს ამისთვის საჭირო აღჭურვილობის მიწოდებას.
ხორვატია მზადაა, მხარი დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას და დაეხმაროს რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაში და მისი აგრესიით მიყენებული ზიანის გამოსწორებაში.
2022 წელს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, ხორვატიის მიერ კიევისთვის გაწეული დახმარების მთლიანმა მოცულობამ დაახლოებით 300 მილიონი ევრო შეადგინა.