
სოხუმი მზადაა, თბილისის მობოდიშება მიიღოს, მაგრამ "საკუთარი სტატუსის გადახედვას არ აპირებს"
10/10/2024 10:59:22 კონფლიქტები
სოხუმი მზადაა, თბილისისგან ბიძინა ივანიშვილის მიერ ინიცირებული ბოდიში მიიღოს, მაგრამ თავს ოკუპირებულად არ თვლის და არც "საკუთარი დამოუკიდებელი პოლიტიკური სტატუსის გადახედვას აპირებს". ამის შესახებ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაზე რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი შამბამ განაცხადა.
"თბილისის ბოდიში კარგი პირველი ნაბიჯი იქნებოდა შერიგების გზაზე" - განაცხადა შამბამ და იქვე თბილისს შემდეგ ნაბიჯად ტერმინ "ოკუპაციასა" და "ოკუპირებულ ტერიტორიებზე" უარის თქმა შესთავაზა:
"მსგავსი ფორმულირებები ჩვენი ურთიერთობების დარეგულირებას ხელს არ უწყობსო".
აი, რაიმე შემხვედრი ნაბიჯების გადმოდგმას კი სოხუმი კვლავინდებურად არ აპირებს - არც საკუთარი "დამოუკიდებელი" პოლიტიკური სტატუსის გადახედვის, არც თბილისისადმი მრავალწლიანი უცვლელი მოთხოვნის გაუქმების კუთხით: როგორც შამბამ განაცხადა, "აფხაზეთის მხარისთვის ჟენევის შეხვედრების დღის წესრიგის უმნიშვნელოვანეს პუნქტებად კვლავინდებურად რჩება ორი მოთხოვნა - საბრძოლო მოქმედებების განუახლებლობა და ამ მიზნით აფხაზეთსა და საქართველოს შორის ძალის არგამოყენების შესახებ იურიდიულად სავალდებულო ორმხრივი შეთანხმების გაფორმება". ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ "აფხაზეთის რესპუბლიკის პოლიტიკური სტატუსი არანაირ განხილვას არ ექვემდებარება".
რაც შეეხება თავად ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატს, სოხუმი მისი გაგრძელების მომხრეა. შამბას აზრით, სადღეისოდ ამ ფორმატის ერთ-ერთი მთავარი შედეგი იმაში მდგომარეობს, რომ "ზარბაზნები დუმან და დიპლომატები საუბრობენ".
ცნობისთვის: ჟენევის საერთაშორისო სადისკუსიო ფორმატის ფარგლებში მომდევნო შეხვედრა 5-6 ნოემბრისთვისაა დაგეგმილი. რუსეთის სანქცირებული ხელისუფლება, რომელსაც, მათ შორის, სავიზო პრობლემები აქვს, დისკუსიების სხვა ლოკაციაზე გადატანას მოითხოვს.
ჟენევის დისკუსიების ფორმატი
ჟენევის დისუსიები (GID) საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატია, რომელიც რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ, 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესაბამისად, იმავე წლის 15 ოქტომბერს ჩამოყალიბდა. საერთაშორისო დისკუსიები ეუთო-ს, ევროკავშირისა და გაერო-ს ხელმძღვანელობით, ასევე აშშ-ის ჩართულობით 2008 წლის კონფლიქტის მონაწილე მხარეების - საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს შორის იმართება, თუმცა მოლაპარაკებებზე წარმოდგენილები არიან რუსეთის მიერ ოკუპირებული ქართული რეგიონების - აფხაზეთისა და ე.წ. "სამხრეთ ოსეთის" დე-ფაქტო რეჟიმების წარმომადგენლებიც. დისკუსიების მიზანს წარმოადგენს უსაფრთხოების კომპლექსური მექანიზმებისა და გარანტიების შემუშავება მთლიანად რეგიონისთვის, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ჩათვლით.
რუსეთის მიერ 2008 წელს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის "დამოუკიდებლობის" აღიარების შედეგად ოკუპირებულ რეგიონებში გაერო-სა და ეუთო-ს მისიების შეწყვეტის შემდეგ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი რჩება ერთადერთ საერთაშორისო პლატფორმად კონფლიქტში ჩართული ქვეყნებისა და დაინტერესებული მხარეების კონტაქტებისათვის.
ბოლო დრომდე მოლაპარაკებები წელიწადში ოთხჯერ გაერო-ს ჟენევის ოფისში, ორ პარალელურ პანელად იმართებოდა. პირველში განიხილებოდა უსაფრთხოების საკითხები, აქცენტირებით რუსეთსა და საქართველოს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მიღწევაზე და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნაზე, ხოლო მეორეში - კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხი, ასევე სხვა ჰუმანიტარული თემები, როგორიცაა, მაგალითად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველების მიერ განათლების მშობლიურ ენაზე მიღება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილება და სხვა.
ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმების მიღწევა არის ჟენევის მოლაპარაკებების ერთ-ერთი ცენტრალური საგანი. 2010 წლის 23 ნოემბერს, ევროპარლამეტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს იმდროინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ცალმხრივი დეკლარაციის ფორმით აიღო ძალის არგამოყენების ვალდებულება - პირობა, რომ საქართველო არასოდეს გამოიყენებს ძალას რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლის აღსადგენად და მხოლოდ თავდასხმის შემთხვევაში იტოვებს ძალის გამოყენების უფლებას. რუსეთს სამასუხო ნაბიჯი ამ დრომდე არ გადმოუდგამს და არც აპირებს, რადგან მთელი ომისშემდგომი წლების განმავლობაში ცდილობს, საქმე ისე წარმოაჩინოს, თითქოს 2008 წლის ომის მხარეები არა მოსკოვი და თბილისი იყო, არამედ თბილისი და ცხინვალი იყვნენ, რუსეთი კი არც მხარეა, არც აგრესორი - უბრალოდ "იძულებული იყო, შეეჩერებინა ქართველი აგრესორი, ეიძულებინა მშვიდობისთვის თბილისი, რომელიც მძინარე ცხინვალს დაესხა თავს".
რატომ არგებს მოსკოვს ისტორიის გადაწერის "ოცნებისეული" მცდელობები
2008 წლის ომის შესახებ სწორედ ამ რუსულ სადეზინფორმაციო ნარატივს ამყარებს საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების - "ქართული ოცნების" ლიდერშიფის, მათ შორის საქართველოს ფაქტობრივი მმართველის - მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ამასწინანდელი განცხადებები "სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის მიერ ოსი ძმების ცეცხლში გახვევის", ამის გამო ოსებისთვის "ბოდიშის მოხდის აუცილებლობისა" და საქართველოს იმჟაინდელი ხელისუფლებისთვის "ნიურნბერგის პროცესის მოწყობის" განზრახვის თაობაზე, რომლებშიც რუსეთი საერთოდ არ იყო ნახსენები - ზუსტად ისევე, როგორც პრემიერ ირაკლი კობახიძის მიერ ამასწინათ გაერო-ს ტრიბუნიდან წარმოთქმულ სიტყვაში, რომელშიც მან, მათ შორის, "ოს და აფხაზ ძმებთან შერიგებაზე" მორიგი ტრივიალური მოწოდებები გააჟღერა.
ანალიტიკოსებმა ეს "ქართული ოცნების" მხრიდან "ისტორიის გადაწერის რუსეთისთვის სასარგებლო მცდელობად" შეაფასეს. "ქართულმა ოცნებამ" კი ერთის მხრივ, საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის რისხვა დაიმსახურა, ხოლო მეორეს მხრივ - მოსკოვის მორიგი შექება "წარსულის სწორად გააზრებისთვის", "ისტორიული სიმართლის აღიარებისთვის" და დაპირება, საქართველოს მის მიერვე ოკუპირებულ აფხაზეთთან და "სამხრეთ ოსეთთან" შერიგებაში დაეხმაროს". ამასთან, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების ამ ცინიკურ დაპირებაში სოხუმი და ცხინვალი "საქართველოს მეზობლებად" იყვნენ მოხსენიებულნი და ამის მიუხედავად, "ოცნების" წევრებმა იგი პოზიტიურად" შეაფასეს, შეეცადნენ, მოსკოვის პოზიციის ერთგვარ ცვლილებად წარმოეჩინათ და მოსკოვს "პრაქტიკულ ნაბიჯებზე გადასვლისკენ, მაგალითად, ჯარების გაყვანის გეგმის შემუშავებისკენ" მოუწოდეს, თუმცა მალევე მიიღეს მოსკოვიდან მკვახე პასუხი: არც ჯარების გაყვანას ვაპირებთ, არც აღიარების უკან წაღებას - 2008 წლის გადაწყვეტილებები არ გადაიხედებაო.
რა პოზიცია ეკავა ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმებასთან მიმართებაში თბილისს ბოლო დრომდე
საქართველოს ოფიციალური პოზიცია, რომელიც 2008 წლიდან ბოლო დრომდე უცვლელი იყო, იმაში მდგომარებდა, რომ ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმების ხელმომწერი მეორე მხარე უნდა იყოს რუსეთის ფედერაცია და არა მის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებები. ქართულ მხარეს ამასთან დაკავშირებით გააჩნდა რამდენიმე არგუმენტი:
რუსეთის ფაქტორი: მსგავსი ხელშეკრულებების სოხუმთან და ცხინვალთან გაფორმება თბილისის მხრიდან 2008 წლის შემდეგ შექმნილი რეალობის იგნორირება და იმის აღიარება იქნებოდა, რომ კონფლიქტის ძირითადი მხარეები სწორედ სოხუმი და ცხინვალი არიან და არა რუსეთის ფედერაცია;ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსის საკითხი: გარდა იმისა, რომ თბილისსა და სოხუმს, თბილისსა და ცხინვალს შორის ხელშეკრულების გაფორმება გააქარწყლებდა კონფლიქტში რუსული მხარის პასუხისმგებლობას, ეს ასევე ირიბი აღიარება და არაპირდაპირი პოლიტიკური ლეგიტიმაციის მინიჭება იქნებოდა რუსეთის მიერ ოკუპირებული ორი რეგიონისთვის და ცხადია, შეასუსტებდა მათი არაღიარების პოლიტიკას, რომელშიც ოფიციალური თბილისი წარმატებას მთელი ომისშემდგომი პერიოდის განმავლობაში დიდწილად დასავლელი პარტიორების დაუღალავი ძალისხმევის შედეგად აღწევდა (იმ დასავლელი პარტნიორებისა, რომლებიც ახლა "ქართული ოცნების" ხელისუფლებას ლამის მტრად გამოჰყავს);მოსკოვის მიერ სოხუმსა და ცხინვალთან გაფორმებული ხელშეკრულებები: რუსეთის არგუმენტი და მოთხოვნა, თბილისმა ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმებები სოხუმსა და ცხინვალთან გააფორმოს, კიდევ უფრო არადამაჯერებელი გახდა მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციამ ხელი მოაწერა სოხუმთან - „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“, ხოლო ცხინვალთან „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ" შეთანხმებებს, რომელთა ფარგლებშიც მის მიერ ოკუპირებული და შემდეგ აღიარებული რეგიონების უსაფრთხოების გარანტორად გამოაცხადა თავი.დევნილების დაბრუნების პრობლემა
მეორე მნიშვნელოვანი საკითხია იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ სახლებში დაბრუნება, რომელზეც მხარეებს შორის შეთანხმება ვერ ხერხდება. საუბარია აფხაზეთიდან (1992-1993 წწ.) და ცხინვალის რეგიონიდან (1989-1992 წწ.) იძულებით გადაადგილებულ პირებზე, უმეტესად ეთნიკურ ქართველებზე.
2007 წლის დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებული იყო 251 000-ზე მეტი პირი, რომელიც დევნილად 1990-იანი წლების კონფლიქტების შედეგად იქცა. ეს რაოდენობა საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 6%-ს შეადგენდა. რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ კი მათ რიცხვს კიდევ 26 000-მდე პირი შეემატა.
რუსეთის მიერ წაქეზებული სოხუმისა და ცხივალის რეჟიმების წარმომადგენლები დევნილთა საკითხზე მოლაპარაკებებს პროტესტით ხვდებიან. მათი მხრიდან მართალია, უსუსურ, მაგრამ არგუმენტად სახელდება საქართველოს მიერ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე 2008 წლის შემდეგ ყოველ წელს ინიცირებული რეზოლუციები იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ, რომებსაც სულ ურო მეტი სახელმწიფო უერთდებოდა.
****
როგორ აპირებს, მათ შორის, ამ პრობლემის დაძლევას ივანიშვილი, რომელიც თავის წინასაარჩევნო შეხვედრებზე ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს ვითომდა "ყოველ წუთს მოსალოდნელი ტერიტორიული გამთლიანების" თაობაზე და ამისთვის "ქვეყნის საკონსტიტუციო დონეზე მოსამზადებლად" მმართველი გუნდისთვის საკონსტიტუციო უმრავლესობის მინიჭებას მოითხოვს, სრულიად გაუგებარია:
არც ცხინვალთან, არც სოხუმთან, არც მოსკოვთან რაიმე ოფიციალური თუ არაოფიციალური მოლაპარაკებების შესახებ დღემდე არავის არაფერი სმენია;
მმართველ გუნდს კონფლიქტების მოგვარების არანაირი გეგმა არავისთვის წარუდგენია და არც წინასაარჩევნო განცხადებებში უთქვამს ამ კუთხით თუნდაც რაიმე კონკრეტული - თუ არ ჩავთვლით "მოძმე ოსების ცეცხლის ალში გახვევისთვის ბოდიშის მოხდისა" და "ნაციონალების დანაშაულებრივი რეჟიმისთვის ნიურნბერგის პროცესის მოწყობის" დაპირებებს, რომელმაც, აშკარაა, პოზიცია ვერც მოსკოვს შეაცვლევინა და შესაბამისად, ვერც სოხუმსა და ცხინვალს.