
ტრამპი, რუსეთზე დარტყმები და NATO-ს ბირთვული წვრთნები: მთავარი განცხადებები ლონდონში ზელენსკის სტარმერთან და რუტესთან შეხვედრის შემდეგ
10/10/2024 12:16:39 მსოფლიო
ლონდონში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს კირ სტარმერსა და ნატოს გენერალურ მდივანს მარკ რუტეს შორის მოლაპარაკებები გაიმართა.
სხვა საკითხებთან ერთად, რუტემ კომენტარი გააკეთა შეერთებულ შტატებში დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში შესაძლო დაბრუნებაზე, ასევე ბირთვულ წვრთნებზე, რომელსაც ნატო მომავალ კვირას დაიწყებს.
ჟურნალისტებმა რუტეს ჰკითხეს, ხომ არ შიშობს, რომ ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ტრამპი შეწყვეტს უკრაინის სამხედრო დახმარებას.
„ვიცი, რომ მას კარგად ესმის და მეთანხმება, რომ ბრძოლა უკრაინაში მხოლოდ უკრაინას არ ეხება, ის ასევე შეერთებული შტატების მომავალ უსაფრთხოებას ეხება. მან ეს იცის", - უპასუხა შეკითხვას რუტემ.
მან დასძინა, რომ როგორც რესპუბლიკელები, ასევე დემოკრატები პალატაში და სენატში უკრაინას უჭერენ მხარს და მოუწოდა „შეწყვიტოთ ღელვა ტრამპის პრეზიდენტობაზე“.
„არანაირი შეშფოთება არ მაქვს, რადგან აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ შეერთებული შტატები მონაწილეობს ამაში, რადგან მათ ესმით, რომ ეს არა მხოლოდ უკრაინას სჭირდება, არამედ თავადაც სჭირდებათ. და რომ მთელი შეერთებული შტატების ტერიტორია, ვაშინგტონიდან სან-ფრანცისკომდე, ნაკლებად უსაფრთხო იქნება, თუ პუტინი წარმატებას მიაღწევს უკრაინაში".
ნატოს გენერალურ მდივანს ასევე ჰკითხეს კიევის თხოვნაზე, ნება დართონ დასავლური იარაღით თავდასხმების რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მდებარე სამიზნეებზე.
რუტემ უპასუხა, რომ იგი ვერ ხედავს ამაში სამართლებრივ დაბრკოლებებს, რადგან „სამართლებრივი თვალსაზრისით, უკრაინას შეუძლია გამოიყენოს თავისი იარაღი, თუ მას შეუძლია დაარტყას ისეთ სამიზნეებს რუსეთში, რომლებიც საფრთხეს უქმნის [მას]“. „მაგრამ, პირველ რიგში, ეს გადაწყვეტილება ალიანსის ცალკეულმა წევრებმა უნდა მიიღონ. ისინი წყვეტენ, როგორ შეიძლება იქნეს გამოყენებული იარაღი, რომელსაც ისინი აწვდიან უკრაინას“, - განაცხადა რუტემ.
ხუთშაბათს ნატოს გენერალურმა მდივანმა ასევე განაცხადა, რომ მომავალ კვირას ბლოკი ყოველწლიურ Steadfast Noon - ბირთვულ წვრთნებს გამართავს.
Reuters-ის წყაროების თანახმად, მასში მონაწილეობას მიიღებს 60-მდე სამხედრო თვითმფრინავი ნატოს 13 ქვეყნიდან, მათ შორის F-35A გამანადგურებლები და B-52 სტრატეგიული ბომბდამშენები.
„დღევანდელი გაურკვევლობის სამყაროში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი თავდაცვითი ძალების გამოცდა და თავდაცვის გაძლიერება, რათა ჩვენმა მოწინააღმდეგეებმა იცოდნენ, რომ ნატო მზად არის და შეუძლია უპასუხოს ნებისმიერ საფრთხეს“, - თქვა რუტემ ზელენსკისთან და სტარმერთან შეხვედრის შემდეგ.
მისი თქმით, წვრთნები „ფოკუსირებული იქნება დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ზღვაზე, ასევე ბელგიასა და ნიდერლანდებზე“.