"ზოგიერთი მომსახურეობის არა მხოლოდ რაოდენობა, არამედ ფასიც ხელოვნურად იყო გაზრდილი"
05/02/2020 15:23:18 საზოგადოება
"ზოგიერთი მომსახურეობის არა მხოლოდ რაოდენობა, არამედ ფასიც ხელოვნურად იყო გაზრდილი", – ამის შესახებ „მინიტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში მისულმა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დეპუტატების იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც მთავრობის სკანდალურ 520-ე დადგენილებას ეხებოდა.
„520-ე დადგენილება დიდი ხანი არაა, რაც ამოქმედდა. გვაქვს მხოლოდ 2-თვიანი სტატისტიკა იმასთან მიმართებაში, თუ რამდენად შეფერხდა სერვისების მიწოდება. თავდაპირველადაც ამ ნოზოლოგიების ამორჩევა არ იყო შემთხვევითი, ვინაიდან მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან სტატისტიკის შედარებით იკვეთებოდა, რომ სწორედ აქ იყო ხელოვნურად გაზრდილი ზოგიერთი მომსახურეობის არა მხოლოდ რაოდენობა, არამედ ფასიც. დღესდღეობით დავინახეთ, რომ 4.8%-ით არის შემცირებული მომსახურება ამ მიმართულებით და ამასთან ერთად, ლეტალობის მაჩვენებელი არის შემცირებული 19%-ით; ასევე გართულებები შემცირებულია 30%-ით. ამის საფუძველი ჩვენ გაგვაჩნდა ჩვენს ბაზაზე დაყრდნობით; მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, ეს ამ ტრიბუნიდან იყოს ძალიან მწვავე განცხადება, გავბედავ და მაინც ვიტყვი: კარდიოლოგიური ჩარევები სამინისტროში მოდის დისკზე აღბეჭდილი. ამ დისკების ანალიზის შედეგად ჩვენ დავინახეთ, რომ გარკვეული რაოდენობები, რომელიც იყო მოთხოვნილი, არ შეესაბამებოდა იმ რაოდენობას, რომელიც განხორციელებული და აღბეჭდილი იყო დისკზე. აქედან გამომდინარე, ჩვენმა რეგულირების სამსახურმა, რა თქმა უნდა, დაიწყო მუშაობა; ისინი ინტენსიურად მუშაობენ. ამის შედეგებსაც ჩვენ გავასაჯაროებთ და მზად ვართ, მოკვლევის სრულად დასრულების შემდეგ ის თქვენთან წარვადგინოთ და გამოიკვეთება თუ არა აქ დანაშაულები, ეს უკვე ჩვენი უწყების სამსჯელო არაა. ჩვენ შეგვიძლია, ამაზე საზოგადოებასთან ერთად ვიმსჯელოთ და ჩავრთოთ შესაბამისი სტრუქტურები“, - განაცხადა ტიკარაძემ.
ცნობისთვის: 520-ე დადგენილების საფუძველზე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფი დადგინდა.


