
ოდესის ოლქზე რუსეთის მორიგ სარაკეტო შეტევას მსხვერპლი მოჰყვა
11/10/2024 05:59:43 მსოფლიო
უკრაინის ოდესის ოლქზე რუსეთის მორიგი სარაკეტო შეტევის შედეგად, სულ მცირე, 4 ადამიანი დაიღუპა და 10 დაიჭრა.
საოლქო-სამხედრო-ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ოლეგ კიპერის ინფორმაციით, ოდესის რაიონში რაკეტამ დაანგრია ორსართულიანი სახლი. დაღუპულებს შორის ერთ–ერთი მოზარდია.
ოქტომბრის დასაწყისიდან რუსეთის ჯარები ოდესის ოლქს რაკეტებით და დრონებით თითქმის ყოველდღე უტევენ. მთავარი სამიზნე საპორტო ინფრასტრუქტურაა.
უკრაინის ვიცე-პრემიერმა ოლქსი კულებამ 10 ოქტომბერს განაცხადა, რომ გასულ სამ თვეში რუსეთის ჯარებმა 60-ჯერ შეუტიეს უკრაინის სამხრეთში მდებარე პორტებს. კულებას თქმით, მიზანმიმართული დარტყმების ამოცანაა შემცირდეს უკრაინის საექსპორტო პოტენციალი და განზრახ შეიქმნას სასურსათო კრიზისი მსოფლიოს იმ ქვეყნებში, რომლებიც უშუალოდ უკრაინულ ხორბალზე არიან დამოკიდებული.
ვიცე-პრემიერის მონაცემებით, ბოლო სამ თვეში რუსეთმა გაანადგურა, ან დააზიანა უკრაინის საპორტო ინფრასტრუქტურის 300-მდე ობიექტი, 177 სატრანსპოტო საშუალება და 22 სამოქალაქო გემი.