პროკურატურის მიერ ხეჩუაშვილის გასაჯაროებულ ჩვენებას თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეში სააკაშვილი და ლორთქიფანიძე "შემოჰყავს"

11-10-2024 12:40:29 სამართალი

საქართველოს გერერალურ პროკურატურაში დღეს, 11 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებას გააცნეს გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე დაკავებული პირის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება, რაც არც თუ ჩვეული პრაქტიკაა პროკურატურისთვის. საუბარია 2016 წლის 4 ოქტომბრის მოვლენებზე. სამართალდამცველები გივი თარგამაძის და სხვა პირების მკვლელობის მცდელობისთვის დარჩო ხეჩუაშვილს ეძებდნენ, რომელიც 19 სექტემბერს დააკავეს.

როგორც ბრიფინგზე ითქვა, სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში გამოკითხა მსჯავრდებული დარჩო ხეჩუაშვილი, რომელმაც გამოძიებას „მნიშვნელოვანი ინფორმაცია“ მიაწოდა.

პროკურატურას არ დაუზუსტებია, დასტურდება თუ არა რაიმე გარემოებებით დაკავებულის ჩვენება, წარმოშობს თუ არა ის ახალი ბრალის დადგენილების გამოცემის საფუძვლებს, არც ის, რით იყო განპირობებული ამ ჩვენების საზოგადოებისთვის წარდგენის აუცილებლობა.

თავად ჩვენებიდან, რომელიც პროკურატურამ გააცნო მედიას და საზოგადოებას, მანქანის აფეთქების საქმეში ჩნდება ექს-პრეზიდენტ, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის და შს მინისტრის ყოფილი მოადგილის გია ლორთქიფანიძის გვარები. ეს უკანასკნელი ამჟამად უკრაინის უსაფრთხოების სექტორში საქმიანობს.

კერძოდ, პროკურატურის ცნობით, როგორც მსჯავრდებულის ჩვენებიდან ირკვევა, 2016 წლის აგვისტოს ბოლოს დარჩო ხეჩუაშვილი შეხვდა მისთვის უცნობ პირს ვინმე „დიმას“ (დიმიტრი), რომელმაც მას შოთა (მევლუდ) ჭიჭიაშვილის დანაბარები გადასცა ჭიჭიაშვილთან შეხვედრის თაობაზე. მსჯავრდებულის თქმით, მას შოთა ჭიჭიაშვილთან წარსულში ნაცნობობა აკავშირებდა და შესაბამისად, აღნიშნულ შეხვედრას დათანხმდა.შოთა ჭიჭიაშვილმა შეხვედრისას მსჯავრდებულს განუცხადა, რომ იგი ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილესთან გია ლორთქიფანიძის ერთად, უკრაინაში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. ჭიჭიაშვილის თქმით, სააკაშვილმა შეხვედრაზე საუბრისას თქვა, რომ არ ენდობოდა მისი პარტიის წევრს გივი თარგამაძეს, რადგან მისი ინფორმაციით, თარგამაძე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, იმჟამინდელ საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობდა და აქედან გამომდინარე, სააკაშვილმა ჭიჭიაშვილს გივი თარგამაძის კონტროლი და თვალთვალი დაავალა. თავის მხრივ, შოთა ჭიჭიაშვილმა გივი თარგამაძის თვალთვალში და მისი გადაადგილების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში დარჩო ხეჩუაშვილს დახმარება სთხოვა ოდესაში კარგ თანამდებობაზე დანიშვნის სანაცვლოდ, რაზეც მსჯავრდებული დათანხმდა და მათ საერთო ნაცნობ „დიმასთან“ ერთად, გივი თარგამაძის თვალთვალი და გადაადგილების კონტროლი დაიწყო.

დარჩო ხეჩუაშვილის ჩვენებით, ისინი გივი თარგამაძეს თავდაპირველად მისი კუთვნილი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით უთვალთვალებდნენ, ხოლო შემდეგ „დიმამ“ ხეჩუაშვილის კუთვნილი ავტომანქანის იდენტური, ტრანზიტული სანომრე ნიშნების მქონე სხვა ავტომანქანა მიიყვანა და ხეჩუაშვილს განუცხადა, რომ გივი თარგამაძის სათვალთვალოდ ეს კონკრეტული მანქანა გადასცეს, რომელსაც თვალთვალის დროს ძირითადად ხეჩუაშვილი მართავდა.

როგორც პროკურატურა ამბობს, მსჯავრდებულის განცხადებით, ერთ-ერთი მორიგი თვალთვალის დღეს, კერძოდ 2016 წლის 4 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში, კოლმეურნეობის მოედანზე არსებულ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მყოფმა დარჩო ხეჩუაშვილმა ტელეფონის საშუალებით აცნობა შოთა ჭიჭიაშვილს, რომ გივი თარგამაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შევიდა. მას შემდგომ, რაც გივი თარგამაძემ დატოვა პარტიის ოფისი და ჩაჯდა ავტომანქანაში, აღნიშნულის შესახებ მსჯავრდებულმა კვლავ მიაწოდა ინფორმაცია შოთა ჭიჭიაშვილს, რის შემდეგაც გივი თარგამაძის ავტომანქანა აფეთქდა. ავტომანქანის აფეთქების შემდგომ ხეჩუაშვილმა შოთა ჭიჭიაშვილს შეატყობინა გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების თაობაზე, რის შემდგომაც შოთა ჭიჭიაშვილის მითითებით, საქართველოს ტერიტორია დატოვა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გვერდის ავლით თურქეთის ტერიტორიაზე უკანონოდ გადავიდა.

პროკურატურას, ამ ინფორმაციის წარდგენის შემდეგ, დამატებითი კითხვებისთვის არ უპასუხია.

დარჩო ხეჩუაშვილი,დამამძიმებელ გარემოებებში გივი თარგამაძის და სხვა პირების მკვლელობის მცდელობის, სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის შეძენა შენახვა ტარების ფაქტებზეა მსჯავრდებული და სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების და გარემოებების დადგენის მიზნით.

გივი თარგამაძის საქმე 4 სექტემბერს „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ახსენა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „დესტაბილიზაციის რისკების“ კონტექსტში და თუ რატომ გადაადგილდება პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების ქვეშ.

"გვაქვს წარსული გამოცდილება. გახსოვთ, რა მოხდა გივი თარგამაძესთან დაკავშირებით, როდესაც უშუალოდ არჩევნების წინ მოაწყვეს აფეთქება და ბედზე გადარჩა მაშინ გივი თარგამაძე. წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ასეთი აქტი უარყოფითად აისახებოდა არჩევნების მიმდინარეობაზე“,- თქვა მაშინ კობახიძემ.

ინფორმაციისთვის: ჭიჭიაშვილი უკრაინაში, კიევის ოლქში ჩატარებული სპეცოპერაციისას 2019 წელს მოკლეს. მაშინ უკრაინის შსს აცხადებდა, რომ ლიკვიდაციამდე 10 დღით ადრე ჭიჭიაშვილმა საბუთების შემოწმების დროს სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნა.

„ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ჩვენ შევძელით ბოროტმოქმედის ვინაობის დადგენა. ეს არის საქართველოს მოქალაქე, რომელსაც 22 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი ბანდის შექმნის, ადამიანების გატაცებისა და ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისთვის. დავადგინეთ, რომ ის კიევის ოლქის სოფელ ხოტიანოვკაში იმალებოდა. პროკურატურასთან შეთანხმებით დაიგეგმა მისი დაკავების სპეცოპერაცია“, – განაცხადა კიევის პოლიციის უფროსმა ანდრეი კრიშენკომ.

მისივე თქმით, ჭიჭიაშვილმა სამართალდამცველებს ორი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა: „საპასუხოდ პოლიციელებმაც გამოიყენეს იარაღი და მსროლელის ლიკვიდაცია მოახდინეს. ამასთან, ბოროტმოქმედმა ორი სპეცრაზმელი დაჭრა“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები