"სანამ საქართველო 2008-ში აგრესორ რუსეთს უწევდა წინააღმდეგობას, ივანიშვილი რუსული იარაღის წარმოება-რეალიზებით იყო დაკავებული, მათ შორის - რუსული ჯარისთვისაც"

11-10-2024 19:19:40 პოლიტიკა ,სამართალი

საქართველოსთვის უმძიმეს მომენტში - 2008 წლის ომის დროს ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ამჟამად მმართველი პარტია "ქართული ოცნების" საპატიო თანათავმჯდომარე და ქვეყნის ფაქტობრივი მმართველია, რუსული იარაღის მწარმოებელი კონგლომერატის - "Центральная компания транснациональной промышленно-финансовой группы "Точность"-ის (მანამდე "Группа Точность" ეწოდებოდა) თანამფლობელი და ფინანსისტი იყო, - წერს საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი ვლადიმერ ივანიძე.

მისივე ინფორმაციით, ხსენებულმა კომპანიამ 1995 წლის დეკემბრიდან 2013 წლის 8 მაისამდე იარსება, ივანიშვილის მიერ ბანკ «Российский кредит»-ის გაყიდვის შემდეგ კი გარდაიქმნა.

ჟურნალისტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ 2008 წელს ივანიშვილი "ერთ-ერთი მთავარი მფლობელი იყო" მთელი იმ იარაღის წარმოებისა, რომლის გრძელ ჩამონათვალსაც მისი პუბლიკაცია შეიცავს.

"ეს მორიგი "ერის მამა" არა მარტო აფინანსებდა და ყიდდა ამ ყველაფერს მისი კუთვნილი კომპანია "Российский кредит"-ის მეშვეობით, რომელიც მთელი იმ წლების განმავლობაში ჯგუფ «Точность»-ის უმსხვილესი აქციონერი გახლდათ (სახელმწიფო "Рособоронэкспорт"-საც კი რამდენჯერმე უფრო ნაკლები წილი ჰქონდა, ვიდრე ივანიშვილის "Роскред"-ს), არამედ ჩამოთვლილი შეიარაღების სადაზღვევო მფარველობასაც უზრუნველყოფდა მისივე კუთვნილი კომპანიის - "РК-Гарант"-ის მეშვეობით - და ესეც კიდევ ერთი "ქერის ორმო" იყო, რომელთანაც კრემლელი "მამები" ისე უბრალოდ არავის უშვებენ. <> სანამ საქართველო აგრესორ რუსეთს უწევდა წინააღმდეგობას, ივანიშვილი რუსული იარაღის წარმოება-რეალიზებით იყო დაკავებული, მათ შორის - რუსული ჯარისთვისაც, რომელიც მას ქართველი სამხედროებისა და მშვიდობიანი ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ იყენებდა" - წერს ივანიძე და იქვე დასძენს, რომ სადღეისოდ ხსენებული რუსული კონგლომერატის ფაქტობრივად ყველა საწარმო საერთაშორისო სანქციების ქვეშაა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები