
ზელენსკიმ პაპს ომის ტყვეების დაბრუნებაში დახმარება სთხოვა
11/10/2024 18:18:29 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 11 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე რომის პაპს ფრანცისკეს რუსეთის ტყვეობაში მყოფი უკრაინელების გათავისუფლებაში დახმარება სთხოვა.
ზელენსკიმ თქვა, რომ მან ტყვეების გაცვლის შესახებ კონფერენციაზე ვატიკანიც მიიწვია. შეხვედრა ოქტომბრის თვის ბოლოსაა დაგეგმილი.
"ჩვენ რუსეთის მიერ დატყვევებული უკრაინელების უკან დასაბრუნებლად დახმარებისთვის იმედებს წმინდა საყდარზე ვამყარებთ". - განაცხადა ზელენსკიმ შეხვედრის შემდეგ.
მისი თქმით, პაპთან საუბრის მთავარი თემა სწორედ ეს საკითხი იყო.
ეს ბოლო ოთხი თვის განმავლობაში პაპთან ზელენსკის მეორე შეხვედრაა. საუბრის ბოლოს ფრანცისკემ ზელენსკის ბრინჯაოს ნამუშევარი აჩუქა წარწერით "მშვიდობა სუსტი ყვავილია". თავის მხრივ, ზელენსკიმ პაპს ზეთის საღებავებით შესრულებული ნახატი აჩუქა, რომელზეც უკრაინის ქალაქ ბუჩის ნანგრევებთან მდგარი ბავშვია გამოსახული.
ზელენსკი ევროპის დედაქალაქებში უკრაინის "გამარჯვების გეგმის" განსახილველად მართავს ვიზიტებს.