Accentnews.ge
ლუკაშენკოს აფხაზეთში 20 ჰექტარი ზღვისპირა მიწა აჩუქეს

ლუკაშენკოს აფხაზეთში 20 ჰექტარი ზღვისპირა მიწა აჩუქეს

13/10/2024 20:04:57 კონფლიქტები, პოლიტიკა

ბელორუს ავტორიტარ ლიდერ ალექსანდრე ლუკაშენკოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში 200 000 კვ.მ ზღვისპირა მიწა აჩუქეს, - წერენ "ბელარუსის საგამოძიებო ცენტრის" ჟურნალისტები.

საგამოძიებო მასალებში ყურადღება მახვილდება ლუკაშენკოს 2022 წლის სექტემბრის მოულოდნელ ვიზიტზე ბიჭვინთაში, სადაც მას ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ უმასპინძლა.

"ამ ვიზიტიდან მეორე დღეს, 2022 წლის 29 სექტემბერს არაღიარებული რესპუბლიკის პრემიერმა მხარი დაუჭირა ინიციატივას, 20 ჰექტარი ზღვისპირა ტერიტორია "საინვესტიციო პროექტის ფარგლებში, კერძოდ, ოჩამჩირეს რაიონში საკურორტო სანატორიუმების კომპლექსის მშენებლობისთვის" გადასცემოდა შპს "ჟემჩუჟინა 2010"-ს, რომელიც მართალია, აფხაზეთშია რეგისტრირებული, თუმცა მხოლოდ 10%-ით ეკუთვნის ადგილობრივ მკვიდრს - ვინმე დავით კვიცინიას, 90%-იანი წილის მფლობელი კი ლუკაშენკოს ვიზიტამდე ორი თვით ადრე თავად ბელარუსში დარეგისტრირებული კომპანიის - ტერმალიას" დირექტორი, ლუკაშენკოს პირადი დაცვის ყოფილი თანამშრომელი ალექსანდრე რომანოვსკია. ინვესტიციის საპროგნოზო მოცულობად დასახელდა 15 მლრდ რუბლი (თითქმის 260 მლნ დოლარი), რაც იმხანად აფხაზური ბიუჯეტის მთელს საშემოსავლო ნაწილს (13,3 მლრდ რუბლს) აღემატებოდა და 100 მლნ დოლარით აჭარბებდა ინვესტიციას, რომელიც თავად ბელარუსში ავტოქარხნის მშენებლობაში ჩინეთმა ჩადო" - წერენ გამომძიებელი ჟურნალისტები.

შპს "ჟემჩუჟინას" ნომინალური წილის აფხაზი მფლობელი დავით კვიცინია, როგორც გამოძიების პროცესში გაირკვა, არაფრით გამორჩეული რიგითი მოქალაქეა, რომელსაც "ფორმალური მონაწილეობისთვის" გარკვეული თანხა გადაუხადეს.

"საქმის კურსში არ ვარ.... მგონი, საბუთები ჩემზეა გაფორმებული. არც კი ვიცი, რას აკეთებენ იქ, რას - არა. დიდი თანხა არ მოუციათ, მხოლოდ პროცესში ფორმალური მონაწილეობისთვის გადამიხადეს ერთჯერადად" - განუცხადა გამომძიებელ ჟურნალისტს თავად კვიცინიამ.

გაირკვა, რომ მან გენერალური მინდობილობა გაუფორმა "აფხაზეთის გმირს" - წარსულში ქართველების წინააღმდეგ ბრძოლების მონაწილე ყოფილ საველე მეთაურ ზორიკ ჭყონიას, რომელიც, დე-ფაქტო ლიდერ ასლან ბჟანიას მსგავსად, წარმოშობით ოჩამჩირეს რაიონიდანაა და ამჟამად სწორედ იმ სოფლის გამგებელია, რომლის ტერიტორიასაც განეკუთვნება ზემოთხსენებული 20 ჰა ზღვისპირა მიწა, ამავდროულად - დე-ფაქტო პრეზიდენტთან არსებული არაფორმალური საკონსულტაციო ორგანოს წევრიც. ჭყონიების ოჯახის საკუთრებაშია რაიონის საკვანძო აქტივი - თერმული წყაროებიც, რომლებზეც ზორიკ ჭყონიას ძმას - ნუგზარს საკურორტო კომპლექსი აქვს გახსნილი.

რაც შეეხება შპს "ჟემჩუჟინა 2010"-ის გადამწყვეტი - 90%-იანი წილის ბელარუს მფლობელს, როგორც გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დაადგინდეს, კომპანიის ფაქტობრივი მმართველი ლუკაშენკოს უახლოესი გარემოცვის წევრი - ბელარუსის ავტორიტარი ლიდერის საქმეთა მმართველი ვიქტორ შეიმანია და არა ალექსანდრე რომანოვსკი, რაზეც, მათ შორის, აფხაზური დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან მისი მიმოწერის დეტალებიც მეტყველებს. საგულისხმოა, რომ შეიმანი ესწრებოდა ბიჭვინთაში ლუკაშენკოს 2022 წლის სექტემბრის ვიზიტსაც და მინსკში ასლან ბჟანიას 2023 წლის თებერვლის საპასუხო ჩასვლასაც.

ცნობისთვის: 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომისა და რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ ალექსანდრე ლუკაშენკო სოჭში აფხაზ და ოს ლიდერებს შეხვდა, თუმცა სოხუმისა და ცხინვალის "დამოუკიდებლობა" დღემდე არ უღიარებია. ბელარუს ავტორიტარ ლიდერს რამდენჯერმე აქვს განმარტებული, რომ მსგავსი ნაბიჯი ზიანის მომტანი იქნებოდა მინსკისთვის, უპირველესად - ეკონომიკური კუთხით (დასავლეთის მხრიდან მოსალოდნელი სანქციების გამო), მოსკოვი კი მისთვის ამ მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურებას არ აპირებდა.

2022 წლის აგვისტოს ბოლოს აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერმა ასლა ბჟანიამ განაცხადა, რომ "რესპუბლიკა რუსეთ-ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოს შემადგენლობაში შესვლას ისურვებდა". იმავე წლის სექტემბრის ბოლოს კი ბიჭვინთას მოულოდნელად ეწვია ლუკაშენკო. ამ "არაოფიციალური ვიზიტის" დასასრულს, რომლითაც, როგორც შემდეგ თავად ლუკაშენკომ განაცხადა, მას "ქართველების წყენინება არ სურდა", ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა აფხაზეთთან "თანამშრომლობის განვითარების აუცილებლობის" შესახებ გააკეთა განცხადება, ხოლო ერთ თვეში მინსკში ბჟანიას საპასუხო ვიზიტისას ლუკაშენკომ თქვა, რომ "აფხაზებიც, ოსებიც, ბელორუსებიც, ქართველებიც - ყველანი რაღაცნაირად უნდა შეიკრან, შეკოწიწდნენ რუსეთის გარშემო".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S