
სეული: თუ ფხენიანი ჩვენს ხალხს საფრთხეს შეუქმნის, ეს დღე რეჟიმის დასასრული იქნება
14/10/2024 06:38:02 მსოფლიო
ფხენიანის მიერ საზღვართან არტილერიის საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის შემდეგ სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ თუ მმოსახლეობას საფრთხეს შეექმნება, ეს "რეჟიმის დასასრული" იქნება.
"მკაფიოდ ვაფრთხილებთ, თუ ჩრდილოეთ კორეა ჩვენი ხალხის უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის, ეს დღე ჩრდილოეთ კორეის რეჟიმის დასასრული იქნება." - ნათქვამია განცხადებაში.
11 ოქტომბერს ფხენიანმა განაცხადა, რომ სამხრეთ კორეიდან ჩრდილოეთ კორეის საჰაერო სივრცეში უპილოტო საფრენი აპარატები შეფრინდნენ. ჩრდილოეთ კორეის გენერალურმა შტაბმა სამხრეთ კორეის საზღვართან განლაგებული სამხედრო არტილერია საბრძოლო მზადყოფნაში გადაიყვანა.
Reuters წერს, რამდენიმე დღის წინ სამხრეთ კორეელმა აქტივისტებმა დრონების გამოყენებით ჩრდილოეთ კორეაში გააგზავნეს პირველადი დახმარების ამანათები და ფლაერები, რომლებშიც ჩრდილოეთ კორეის დიქტატორს კიმ ჩენ ინს აკრიტიკებდნენ. ჩრდილოეთ კორეა ამანათების გაგზავნაში სამხრეთ კორეის არმიას ადანაშაულებს. საპასუხოდ ფხენიანმა დრონების გამოყენებით უკვე რამდენჯერმე გაუშვა ნაგვით სავსე ბუშტები სამხრეთ კორეაში.