
რუსეთში ფილმის გადასაღებ მოედანზე დეკორაციის ჩამონგრევის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა
14/10/2024 07:06:57 მსოფლიო
რუსეთში კარენ გევორკიანის ფილმის "ვასილი ტერკინის" გადასაღებ მოედანზე დეკორაციის ჩამონგრევის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა. ინციდენტი 13 ოქტომბერს ლენინგრადის ოლქში მოხდა, იუწყება "ინტერფაქსი".
Mash-ის ცნობით, მატარებლის ვაგონის იატაკი, რომელიც სცენარის მიხედვით, მოსკოვიდან კიევისკენ მიემართებოდა, ჩაინგრა. დაშავებულებს შორის არიან ფილმის რეჟისორი, ორი ოპერატორი და ბავშვები.
ამ ლოკაციაზე გადაღებები პირველ დღეს მიმდინარეობდა და განუსაზღვრელი ვადით შეჩერდა, იუწყება Mash. ეს ოფიციალურად არ დადასტურებულა. გამოცემა ინციდენტის მიზეზად დეკორაციების არასანდო მონტაჟს ასახელებს.
ფილმი "ვასილი ტერკინი" ეფუძნება ალექსანდრე ტვარდოვსკის ამავე სახელწოდების ლექსს მეორე მსოფლიო ომში მონაწილე საბჭოთა ჯარისკაცის შესახებ. რეჟისორი გევორკიანი ასევე არის ფილმის პროდიუსერი და სცენარისტი. გადაღებები 2020 წელს დაიწყო და დაფინანსების არარსებობის გამო შეჩერდა. 2020 და 2021 წლებში ფილმმა ვერ მიიღო გრანტი რუსეთის კულტურის სამინისტროსგან, წერს Kino-teatr.ru. 2022 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფილმის ბიუჯეტი გადაღების დროს შემცირდა 470-დან 220 მილიონ რუბლამდე.