"ქართული ოცნების" დამცველი სლოვაკი ევროდეპუტატი რუსეთს მადლობას უხდის და დასავლეთის "რუსოფობიისთვის" უბოდიშებს
14/10/2024 10:13:36 ევროპა
"ქართული ოცნების" დამცველი პრორუსი სლოვაკი ევროდეპუტატი ლიუბოშ ბლახა, რომელიც რამდენიმე დღის წინ, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხის განხილვისას თავგამოდებით იცავდა საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას, ამჟამად მოსკოვში, წითელ მოედანზე სეირნობს, რუსეთს "ფაშიზმისგან გათავისუფლებისთვის" მადლობას უხდის და "დასავლეთის რუსოფობიისთვის" უბოდიშებს.
წითელ მოედაზე გადაღებულ 4-წუთიან ვიდეოში, რომელიც ბლახამ Facebook-ში გამოაქვეყნა, პრორუსი ევროდეპუტატი "სლავურ ძმობაზე" საუბრობს და კრემლის სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტულ გზავნილებს იმეორებს.
"რუსეთი კვლავინდებურად მშვენიერია, კვლავინდებურად ბრძენი და კვლავინდებურად განვითარებული. გევედრებით, შევწყვიტოთ რუსეთისადმი სიძულვილი! მოსკოვში რუსეთის მეგობრად ჩამოვედი, რადგან ვეღარ ვუყურებ იმას, როგორ იზრდება რუსოფობია დასავლეთში... რუსმა ხალხმა ფაშიზმისგან გვიხსნა და წარმოუდგენელი მსხვერპლი გაიღო თოთოეული ჩვენგანისთვის. ამდენად, ძალიან ვწუხვარ ყოველი იმ მტრული, ზიზღნარევი და პირდაპირი მნიშვნელობით ფაშისტური რეზოლუციის გამო, რომელსაც ევროპარლამენტი რუსეთის წინააღმდეგ იღებს. ჩვენ - სლავებს ვერავინ გვაიძულებს, რუსეთი შევიზიზღოთ! უნდა გვახსოვდეს, რომ ომი დასავლეთიდან მოდის, ხოლო თავისუფლება და მშვიდობა - აღმოსავლეთიდან! კატეგორიულად ვეწინააღმდეგები უკრაინის შემდგომ სამხედრო მხარაჭერასა და რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებს!" - აცხადებს ვიდეოში ბლახა, რომელიც ევროპარლამენტარად მიმდინარე წლის ივნისში იქნა არჩეული.
ცნობისთვის: სულ რამდენიმე დღის წინ იგივე ბლახას, რომელიც ორიოდ სხვა პრორუს ევროდეპუტატთან ერთად თავგამოდებით იცავდა "ქართული ოცნების" ხელისუფლებას, აქტიურად ციტირებდა ქართული სახელისუფლებო მედია და მასთან ერთად "საზოგადოებრივი მაუწყებელიც".
ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართული დებატების ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას პრორუსმა დეპუტატმა გაიმეორა კრემლის ის რამდენიმე ცნობილი ანტიდასავლური სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტული ნარატივიც, რომელსაც, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში აქტიურად იყენებს "ქართული ოცნების" ხელისუფლებაც.
„არსებობს აღშფოთება და განრისხება ევროკავშირის ჩარევის გამო საქართველოს სუვერენიტეტში. ეს არის საქართველოსთვის კარნახის მცდელობა. საქართველომ მიიღო კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ექსტრემისტულ იდეოლოგიას. სლოვაკეთში ჩვენ ვართ ტრადიციული საზოგადოება, ისევე, როგორც ეს საქართველოშია. ჩვენ არ გვინდა, გვქონდეს 67 სხვადასხვა გენდერი. ოჯახი არის დედა, მამა და შვილები. ამიტომ, მე მხარდაჭერას ვუცხადებ საქართველოს. შეხედეთ ამერიკულ ნეოლიბერალურ ფონდებს, რომლებიც დიდძალ თანხებს ხარჯავენ იმ მთავრობების ჩამოსაგდებად, რომლებიც არ მოსწონთ. რუსეთი თუ იმავეს გააკეთებს ყველა ხმამაღლა დაიწყებს ყვირილს. ეს აზრს მოკლებულია. თქვენ გეზიზღებათ საქართველო, რადგანაც მას სურს პრაგმატული ურთიერთობა რუსეთთან, საქართველოს სურს დიალოგი და მშვიდობა. ჩვენც ეს გვინდა სლოვაკეთში. სწორედ ამიტომ ესროლა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ ფიცოს ექსტრემისტმა“, – განაცხადა დებატებისას სლოვაკმა ევროპარლამენტარმა.