
კადეტთა ლიცეუმის ლიტერატურული კლუბი ქუთაისის „SOS” ბავშვთა სოფელს ესტუმრა
05/02/2020 15:31:09 თავდაცვა, რეკლამა
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ლიტერატურული კლუბი ქუთაისის „SOS” ბავშვთა სოფელს ესტუმრა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კადეტებმა ელენე ბახტურიძემ და თამარ ბოლქვაძემ ბავშვთა სოფლის აღსაზრდელებთან ერთად წაიკითხეს და განიხილეს ალექსანდრე კუპრინის მოთხრობა - „პაგანინის ვიოლინო“.
მოსწავლეებმა გამოხატეს საკუთარი დამოკიდებულება ნაწარმოების შესახებ, გამოთქვეს საინტერესო შეხედულებები და გაავლეს პარალელები.
ღონისძიების დასასრულს დაიგეგმა ბავშვთა სოფლის აღსაზრდელების სტუმრობა კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ლიტერატურულ კლუბში.
ამასთან, კადეტთა სამხედრო ლიცეუმისგან ბავშვთა სოფლის ბიბლიოთეკას კადეტთა ლექსების კრებულის რამდენიმე ეგზემპლარი გადაეცა.
პროექტს, რომლის მიზანი ახალგაზრდებში ლიტერატურისადმი ინტერესის გაღრმავება, ანალიზისა და კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარებაა, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის პედაგოგები ლალი ლარცულიანი და ნინო დანგაძე ხელმძღვანელობდნენ.