
სეული: ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეასკენ მიმავალი გზების ასაფეთქებლად ემზადება
14/10/2024 10:56:00 მსოფლიო
ჩრდილოეთ კორეის სამხედროები სამხრეთ კორეაში მიმავალი გზების განადგურებისთვის ემზადებიან,- იტყობინება Yonhap სეულზე მითითებით.
”კორეის სახალხო არმიის 9 ოქტომბერს განცხადების შემდეგ, ჩრდილოეთ კორეის სამხედროები ახორციელებენ მოქმედებებს, რომლებიც გულისხმობს აფეთქებების მომზადებას გუნჯუსა და დონჰაეს ხაზების გასწვრივ გზებზე. აფეთქებები შეიძლება მოხდეს დღესვე“, - თქვა სამხრეთ კორეის შტაბების ხელმძღვანელების გაერთიანებული კომიტეტის სპიკერმა ლი სუნგ ჯუნმა.
მან დასძინა, რომ სამხრეთ კორეის არმიის სარდლობა თვალს ადევნებს პროცესს და იღებს ზომებს მისი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის.
მანამდე ფხენიანის მიერ საზღვართან არტილერიის საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის ფონზე სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ თუ მმოსახლეობას საფრთხეს შეექმნება, ეს "რეჟიმის დასასრული" იქნება:
"მკაფიოდ ვაფრთხილებთ, თუ ჩრდილოეთ კორეა ჩვენი ხალხის უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის, ეს დღე ჩრდილოეთ კორეის რეჟიმის დასასრული იქნება".
11 ოქტომბერს ფხენიანმა განაცხადა, რომ სამხრეთ კორეიდან ჩრდილოეთ კორეის საჰაერო სივრცეში უპილოტო საფრენი აპარატები შეფრინდნენ. ჩრდილოეთ კორეის გენერალურმა შტაბმა სამხრეთ კორეის საზღვართან განლაგებული სამხედრო არტილერია საბრძოლო მზადყოფნაში გადაიყვანა.
Reuters წერს, რამდენიმე დღის წინ სამხრეთ კორეელმა აქტივისტებმა დრონების გამოყენებით ჩრდილოეთ კორეაში გააგზავნეს პირველადი დახმარების ამანათები და ფლაერები, რომლებშიც ჩრდილოეთ კორეის დიქტატორს კიმ ჩენ ინს აკრიტიკებდნენ. ჩრდილოეთ კორეა ამანათების გაგზავნაში სამხრეთ კორეის არმიას ადანაშაულებს. საპასუხოდ ფხენიანმა დრონების გამოყენებით უკვე რამდენჯერმე გაუშვა ნაგვით სავსე ბუშტები სამხრეთ კორეაში.