
რუსულმა ძალებმა ოდესის პორტზე მიიტანეს იერიში, არის მსხვერპლი
14/10/2024 11:56:58 მსოფლიო
რუსულმა ძალებმა ოდესის პორტის ინფრასტრუქტურა ბალისტიკური რაკეტით დაბომბეს. იერიშის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა რვა ადამიანი. ყველა მათგანი პორტის თანამშრომელია.
"კიდევ ერთხელ მტრის სამიზნე საპორტო ინფრასტრუქტურა გახდა. მოკლულია ერთი ადამიანი, კიდევ რვა – დაშავდა. ორი მათგანის მდგომარეობა მძიმეა". – წერს ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ოლეჰ კიპერი.
კიპერის ინფორმაციით დაზიანდა ბელიზის სამგზავრო გემი NS Moon და პალაუს სატვირთო გემი Optima. ერთი კვირის წინ Optima ანალოგიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა.
გარდა ამისა, ბალისტიკური იერიშის შედეგად დაზიანებულია ხორბლის საწყობი.
რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.