ნიდერლანდები საკუთარ შეიარაღებულ ძალებს აძლიერებს

14-10-2024 23:04:57 ევროპა ,მსოფლიო

ჰოლანდიის თავდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, შეიძინოს "ლეოპარდის" ტანკები და ახალი საჰაერო თავდაცვის სისტემები, როგორც ძირითადი ინვესტიცია თავდაცვაში. წერს NOS.

ჰოლანდიის თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივნის გეის ტუიინმანის განცხადებით, სრულფასოვანი სატანკო ბატალიონის (ჩვეულებრივ, 52 ტანკისგან შემდგარი) აღდგენის მიზნით იგეგმება 46 "ლეოპარდი" 2A8 ტანკის შეძენა.

პირველი "ლეოპარდების", რომელთა ღირებულება 1-დან 2,5 მილიარდ ევრომდეა შეფასებული, ჰოლანდიის არმიისთვის მიწოდება 2027 წელს იგეგმება. შემდეგ გადაწყდება, დამატებით შეიძინონ თუ არა ექვსი ტანკი.

„საბრძოლო ტანკის აღდგენით ნიდერლანდები აძლიერებს თავისი შეიარაღებული ძალების საბრძოლო ძალას. ამით ჩვენ ასევე ვასრულებთ ნატოს მოთხოვნებს ნიდერლანდებისადმი“, - თქვა ტუინმანმა.

გარდა ამისა, ჰოლანდიის თავდაცვის სამინისტრო შეიძენს საზენიტო სისტემებს - ოთხ ერთეულ SHORAD-ს (მცირე დისტანციის საჰაერო თავდაცვის სისტემა) და ექვს ერთეულ MRAD-ს (საშუალო დისტანციის საჰაერო თავდაცვა), რათა ჩაანაცვლოს მოძველებული სისტემები.

SHORAD-ის ახალი სისტემას შეუძლია თვითმფრინავების, შვეულმფრენების და რაკეტების ჩამოგდება დაახლოებით 15 კილომეტრის მანძილზე, ხოლო საშუალო მანძილის სისტემას - 50 კილომეტრის მანძილზე. ამ შესყიდვის ღირებულება დაახლოებით 2,6 მილიარდი ევროა და მიწოდება 2028 წელს დაიწყება.

სექტემბერში ნიდერლანდების მთავრობამ გამოაცხადა, რომ 2024 წლის ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტი 2,4 მილიარდი ევროთი გაიზრდება, რათა ნატოს მოთხოვნები დაკმაყოფილდეს თავდაცვითი ხარჯების მშპ-ს მინიმუმ 2%-მდე გაზრდის თაობაზე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები