
„OSCE/ODIHR–მა ოპოზიცია ძალიან მძიმედ დატუქსა“
06/02/2020 09:19:35 საშინაო პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, „OSCE/ODIHR–მა ოპოზიცია ძალიან მძიმედ დატუქსა და აუხსნა, რომ OSCE/ODIHR არ არის ის ადგილი, სადაც განსჯიან კონსტიტუციურობის საქმეს".
„OSCE/ODIHR–მა პირველივე ნაწილში ოპოზიცია დატუქსა და უთხრა, რომ OSCE/ODIHR არ არის ის ადგილი, სადაც განსჯიან კონსტიტუციურობის საქმეს. ეს არის შიდა ეროვნული - სასამართლოს ანუ საკონსტიტუციო სასამართლოს პრეროგატივა. თუ OSCE/ODIHR გეუბნება, რომ ისინი ვერ გაარჩევენ იმ თემას, რასაც ჰქვია კონსტიტუციურობის საკითხი, მაშინ ვერც იმას დაწერენ, რომ კონსტიტუციურია და ვერც იმას დაწერენ, რომ არაკონსტიტუციურია. ამაზე მოჭიდება და საზოგადოების ამით მოტყუება, რეალურად, ძალიან დიდი სირცხვილია. OSCE/ODIHR –მა ოპოზიცია ძალიან მძიმედ დატუქსა. ძალიან სამწუხაროა, შეიძლება ეს ჩემი მხრიდან, როგორც სუბიექტური ადამიანის მხრიდან, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ოპოზიციაზე რაღაც გამარჯვება იყოს, მაგრამ მეორე მხრივ, როდესაც ქვეყანაში გყავს ოპოზიცია, რომელიც OSCE/ODIHR –ის შეფასებით არის ძალიან არაკომპეტენტური, ეს არის ზოგადად, უხერხული“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის: OSCE/ODIHR–ის დასკვნაში, სადაც ოპოზიციის მიერ შემუშავებული საქართველოს კონსტიტუციასთან ადაპტირებული ე.წ გერმანული საარჩევნო მოდელია განხილული, ნათქვამია, რომ მსგავს სისტემაზე გადასვლა "შესაძლებელია, განხორციელდეს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანით, რაც, კონსტიტუციის თანახმად, ხმათა უბრალო უმრავლესობითაა შესაძლებელი".