ნაზი ჯანეზაშვილი: "დღეს სისტემაში კლანური მმართველობაა, რომლის სათავეშიც სანქცირებული მოსამართლეები არიან"

15-10-2024 13:19:24 საზოგადოება

"საქართველოს სასამართლოს გუშაგის" ხელმძღვანელი ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოახერხა, რომ დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ეფექტური სასამართლო სისტემა შეექმნა.

მისი თქმით, "დღეს სისტემაში კლანური მმართველობაა, რომლის სათავეშიც სანქცირებული მოსამართლეები არიან".

როგორც მან აღნიშნა, "იუსტიციის უმაღლესი საბჭო ისეთივე ჩაკეტილია, როგორიც 12 წლის წინ იყო".

"მიუხედავად იმისა, რომ 12 წლის განმავლობაში საკანონმდებლო კუთხით გარკვეული ცვლილებები განხორციელდა, „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოახერხა, რომ დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ეფექტური სასამართლო სისტემა შეექმნა. ვერ მოახერხეს ის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ნდობა სასამართლოს მიმართ. მაგალითად, დღეს, როდესაც მოქალაქეები სასამართლოებში დადიან, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უწევთ ლოდინი იმისთვის, რომ განხორციელდეს მართლმსაჯულება. დღეს სისტემაში კლანური მმართველობაა, რომლის სათავეშიც სანქცირებული მოსამართლეები არიან. მიუხედავად ამისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ ადამიანებთან დაკავშირებით ჩატარებულიყო გამოძიება და გადაედგათ ქმედითი ნაბიჯები.

დღეს უზენაესი სასამართლოს 28-ვე მოსამართლე არჩეულია „ქართული ოცნების“ მიერ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებთან დაკავშირებით არსებობდა უამრავი კითხვა, პროცესთან მიმართებით ძალიან დიდი კრიტიკა იყო, მათ მაინც აირჩიეს ისეთი მოსამართლეები, რომლებსაც საზოგადოების ნდობა არ აქვთ. იუსტიციის უმაღლესი საბჭო ისეთივე ჩაკეტილია, როგორიც 12 წლის წინ იყო.

მაგალითად, თუ 12 წლის წინ იუსტიციის საბჭოს სხდომების მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოებას არ შეეძლო, დღესაც იგივე ხდება. პირდაპირი მნიშვნელობით, საბჭომ კარი ჩაკეტა მედიისთვის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის. ყველაზე სავალალო ის არის, რომ საქართველოში არის მოსამართლე, რომელსაც აქვს მოსამართლის სტატუსი, მაგრამ არ აქვს სამოსამართლო საქმიანობა. მიხეილ ჩინჩალაძე არის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, მაგრამ არ ეწევა სამოსამართლო საქმიანობას. აი, ამ კითხვებზე პასუხი, რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ უნდა გასცეს, როგორ მოხდა ეს. ამავდროულად, მნიშვნელოვანია ის, რომ დაახლოებით სამი წლის განმავლობაში ეს პრობლემა არსებობს - არ ქვეყნდება სასამართლოს გადაწყვეტილებები და განაჩენები.

როგორ შეიძლება იმ სისტემაში, რომელიც დემოკრატიულად მიიჩნევა ხელისუფლების მხრიდან, არ ქვეყნდებოდეს სასამართლოს განაჩენები, მიუხედავად იმისა, რომ ამ მხრივ საკანონმდებლო ცვლილება არსებობს.

არ ქვეყნდება საბჭოს გადაწყვეტილებები. ბუნებრივია, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა სასამართლო სისტემაში შეეტანა მნიშვნელოვანი და პოზიტიური ცვლილებები”,- განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

ცნობისთვის: ხელისუფლების ოპონენტები სასამართლო სისტემაში "კლანური მმართველობის" შესახებ საუბრობენ. მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო, ევროკომიის რეკომენდაციებში სასამართლოსთან დაკავშირებით ახალი ჩანაწერი გაჩნდა. საქართველოს ხელისუფლებას მოსამართლეების ნაწილის კეთილსინდისიერების შემოწმება დაევალა, რასაც მმართველი გუნდი კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

გარდა ამისა, ევროკომისია იუსტიციის საბჭოს რეფორმას მოითხოვს. გაფართოების ანგარიშში წერია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ: უნდა შეზღუდოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძალაუფლება; დააკონკრეტოს მოსამართლეთა მივლინების საფუძვლები და ამ პროცესში საბჭოს დისკრეცია შეზღუდოს; დახვეწოს დისციპლინური სამართალწარმოება.

ევროკომისიის რეკომენდაციების საპასუხოდ, საქართველოს მთავრობამ 2023 წლის 27 ნოემბერს ევროინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომაზე განსახორციელებელი ღონისძიებების გეგმა დაამტკიცა. ამ გეგმის თანახმად:იხვეწება დისციპლინური სამართალწარმოების პროცესის ზოგიერთი ეტაპი და გასაჩივრების წესები; ზუსტდება მოსამართლეთა დისციპლინირების ერთ-ერთი საფუძველი და დარღვევად „პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევის“ ნაცვლად, „პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის აშკარა დარღვევა“ ჩაითვლება; დარღვევად არ ჩაითვლება მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესების შესახებ მოსამართლის მიერ გამოთქმული მსჯელობა; უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს ხუთის ნაცვლად, სპეციალობით მუშაობის 10-წლიანი გამოცდილება მოეთხოვება.

თუმცა არასამთავრობოორგანიზაციები აცხადებენ, რომ დაგეგმილი ცვლილებები ევროკომისიისა და ვენეციის კომისიის მთავარ რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს. მაგალითად, არ ეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველი რეფორმა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძალაუფლების შეზღუდვა და მოსამართლეთა ნაწილის კეთილსინდისიერების გადამოწმების მექანიზმი.

ამასთან, 2023 ელის 5 აპრილს აშშ-მა მიიღო გადაწყვეტილება, სანქციები დაეწესებინა საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის მიმართ. ესენი არიან: თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან მურუსიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძე (ყოფილი მოსამართლე). სანქცია ეხება არა მხოლოდ ამ მოსამართლეებს, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც.

როგორც სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის განცხადებაშია აღნიშნული, "აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ. ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერას დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის გაძლიერების კუთხით და გააგრძელებს იმ პირთა ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას, ვინც პირადი სარგებლის მიზნით, ბოროტად იყენებს საჯარო უფლებამოსილებას. ჩვენ ყველა იმ მოსამართლის გვერდით ვდგავართ, ვისაც აქვს გამბედაობა და კეთილსინდისიერება იმოქმედოს მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები