
ახალგორში ორი ქართული სკოლის დირექტორები სამსახურიდან გაათავისუფლეს
06/02/2020 09:40:38 კონფლიქტები
ახალგორის ოკუპირებულ რაიონში ორი ქართული საშუალო სკოლის დირექტორები სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი სოცილაურ ქსელ „ფეისბუქში“ იუწყება.
„მათი გათავისუფლების საფუძველს ეხლა არ შევეხები. ამ ამბავზე ფიქრში დავითვალე მასწავლებლები, რომელთა ნაწილმა - სინაგურის [ოსური სახელწოდება] გავლით, ნაწილმა კი პენსიონერებისთვის გახსნილი გზით ისარგებლა. წავიდნენ წეროვანში და თბილისში. სამწუხაროდ, სასწავლო წლის ბოლომდე დაბრუნებას არ აპირებენ. ამბობენ, „მერე შევხედავთო“. თვალშისაცემია მოსახლეობის სიმცირე... 12–ბინიანი კორპუსი თავისუფლების მოედანზე. მხოლოდ ერთ ბინაში ცხოვრობენ“, – წერს მეარაყიშვილი.
ცნობისთვის: ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორელ პენსიონერებს (რომლებიც არ არიან „სამხრეთ ოსეთის“ ან რუსეთის მოქალაქეები და საქართველოს მოქალაქის პენსიას იღებენ) დანარჩენი საქართველოსკენ გზა 24 იანვარს გაუხსნა. მათ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოსასვლელად ე.წ. საშვებს აძლევენ. დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენელთა ინფორმაციით, 6 თებერვლიდან ე.წ. „საზღვარი“ ისევ დაიკეტება და შემდეგ ორ თვეში ერთხელ გაიხსნება.
დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორის ოკუპირებულ რაიონთან ე.წ. საზღვარი 2019 წლის 4 სექტემბერს ჩაკეტა. დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ გზა არ გაიხსნება, სანამ საქართველოს ხელისუფლება წნელისთან 2019 წლის აგვისტოს ბოლოს განთავსებულ საპოლიციო საგუშაგოს არ გააუქმებს.