"პუტინის გადაწყვეტილება რუსეთ-საქათველოს ურთიერთობებში რაიმე ახალი ეტაპის დაწყებად არ უნდა აღვიქვათ"

15-10-2024 16:15:51 პოლიტიკა

დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მოსკოვი რუსეთისადმი "ქართული ოცნების" ხელისუფლების ლოიალობის სანაცვლოდ საკვანძო მნიშვნელობის არანაირი შემხვედრი ნაბიჯის გადმოდგმას არ აპირებს - არც ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების, არც რაიმე სხვა მიმართულებით.

როგორც კრემლის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა დღეს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტ პუტინის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება სავიზო რეჟიმის კიდევ უფრო გამარტივების შესახებ "რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში რაიმე ახალი ეტაპის დაწყებად არ უნდა აღვიქვათ".

"ეს გადაწყვეტილება ორი ქვეყნის ურთიერთობებში რაიმე ახალ ეტაპად არ უნდა იქნას აღქმული. საქართველო ჩვენი მეზობელია. თქვენ იცით ყველა სირთულე და გართულება ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში. სხვა საკითხია, რომ ეს სირთულეები ხელს არ უშლის ორი ხალხის, ორი საზოგადოების ხაზით ჰუმანიტარული კავშირების განვითარებას. შეგახსენებთ, რომ რუს და ქართველ ხალხებს შორის კავშირები არც არასდროს გაწყვეტილა: ადამიანები ჩამოდიან რუსეთში, ჩადიან საქართველოშიც, დადიან ორ ქვეყანას შორის" - განმარტა პესკოვმა.

ცნობისთვის: საქართველოს მმართველი პარტია "ქართული ოცნება", რომელმაც თავისი ანტიდასავლური რიტორიკა ბოლო დროს კიდევ უფრო გაამწვავა და გადადგა დასავლელი პარტნიორების მიერ ანტიდემოკრატიულად შეფასებული მთელი რიგი ნაბიჯები, რუსეთის მიმართ თავის ლოიალურ პოლიტიკას "პრაგმატულად" წარმოაჩენს და წინასაარჩევნოდ "საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ნებისმიერ წუთს შესაძლებელი აღდგენის" შესახებ საუბრობს. თუმცა როგორც სოხუმსა და ცხინვალში, ისე მოსკოვში უკვე რამდენჯერმე მკაფიოდ განაცხადეს, რომ ამ მიმართულებით არანაირ დათმობაზე წასვლას არ აპირებენ და ეს საკითხი არც კი განიხილება.

"ოცნების" ამ ყალბ წინასაარჩევნო ნარატივს დღეს ცხინვალიდან კიდევ ერთხელ გამოეხმაურნენ. კერძოდ, ყოფილმა დე-ფაქტო ლიდერმა ედუარდ კოკოითმა განაცხადა, რომ "საქართველოს მმართველი პარტიის წარმომადგენლების მიერ მოსკოვის პოზიციის არასწორმა ინტერპრეტირებამ საბოლოოდ ჩაკლა "ქართული ოცნების" მიმართ გაჩენილი ის იმედი, რომ საქართველოში არსებობს პროგრესულად მოაზროვნე პოლიტიკური ძალა, რომელიც მზადაა, რუსეთთან შემხვედრი მიმართულებით იაროს და რომელთანაც, შესაბამისად, მოლაპარაკება შესაძლებელია".

აქ კოკოითი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ამასწინანდელ განცხადებასა და მასთან დაკავშირებით "ოცნების" გენმდივნის - კახი კალაძის, ასევე მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლების გამოხმაურებებს გულისხმობდა. ლავროვმა, კერძოდ, თქვა, რომ "აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს მეზობლები არიან, მათ შორის რაღაც კონტაქტები ყველა შემთხვევაში გარდაუვალია და თუკი იქნება ყველა მხარის ინტერესი ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, თავდაუსხმელობის შეთანხმებების უზრუნველსაყოფად, რუსეთის ხელისუფლება მზადაა, მათ ამაში დაეხმაროს".

ლავროვის მიერ სოხუმისა და ცხინვალის თბილისის "მეზობლებად" მოხსენიების მიუხედავად, კალაძემ და მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლებმა რუსეთის მთავარი დიპლომატის ნათქვამი "პოზიტიურად" შეაფასეს, შეეცადნენ, მოსკოვის პოზიციის გარკვეულ ცვლილებად წარმოეჩინათ და მოსკოვს ახლა უკვე კონკრეტულ ნაბიჯებზე გადასვლა, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიიდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის საკითხის განხილვის დაწყება შესთავაზეს, თუმცა საპასუხოდ მოსკოვიდან მალევე მიიღეს "ცივი შხაპი" - ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას არავინ აპირებს, ეს საკითხი არც კი განიხილება, ბაზების გაყვანაზე საუბარიც ზედმეტია და საერთოდაც, თბილისისადმი მოთხოვნები უცვლელია როგორც სოხუმსა და ცხინვალში, ისე მოსკოვში: აფხაზებთან და ოსებთან ძალის არგამოყენების შესახებ ორმხრივი, იურიდილად სავალდებულო შეთანხმებების გაფორმებაო, რაც არსობრივად, თბილისის მიერ მათი "დამოუკიდებლობის" აღიარების ტოლფასი იქნებოდა.

იხილეთ ასევე: „გადაგდების“ გზა" - „ძაღლის თავი“ თბილისისადმი ლავროვის გზავნილებში

როგორც კოკოითმა აღნიშნა, "ცხინვალი მზადაა, დაიჯეროს იმ ძალების, რომლებმაც საკუთარი შეცდომა რეალურად გააცნობიერეს და მზად არიან, რუსეთისკენ შეტრიალდნენ, თუმცა თბილისი არ იღწვის პირობების შესაქმნელად ომის არგანახლებისა და გრძელვადიანი მშვიდობისთვის". მან კიდევ ერთხელ გაიმეორა თბილისისადმი მოსკოვისა და მის მიერ მართული სეპარატისტული რეჟიმების მრავალწლიანი პირობა: "მოლაპარაკებათა მაგიდასთან მიჯდომამდე აუცილებელია სოხუმსა და თბილისს, ცხინვალსა და თბილისს შორის ძალის არგამოყენების შესახებ ორმხრივი შეთანხმებების გაფორმება".

მოსკოვი კი არათუ თავისი ბაზების გაყვანის საკითხის განხილვას არ აპირებს, არამედ პირიქით - "აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე" ამახვილებს ყურადღებას და "ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ საზღვრებზე პროვოკაციების აღკვეთის მნიშვნელობას" უსვამს ხაზს. ეს პოზიცია დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია დაფიქსირებული, რომელიც უწყების დიპლომატიური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის - მიხაილ გალუზინისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე გაერო-ს, ეუთო-სა და ევროკავშირის დელეგაციების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ გავრცელდა.

“რუსულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატის პრიორიტეტულ სფეროებში კოლექტიური ძალისხმევის გაზრდის აუცილებლობას. აღინიშნა, რომ აქცენტი უნდა გაკეთდეს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. ხაზი გაესვა საქართველო-აფხაზეთისა და საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვრებზე პროვოკაციების აღკვეთის მნიშვნელობასა და ადგილზე დაძაბულობის ესკალაციას”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისთვის: ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდი ნოემბრის დასაწყისში უნდა გაიმართოს. მოსკოვი კვლავ დაჟინებით მოითხოვს დისკუსიების ლოკაციის შეცვლას, რასაც გაერო, ეუთო და ევროკავშირი არ ემხრობიან.

იხილეთ ასევე: რატომ საუბრობს მოსკოვი პერიოდულად ჟენევის ფორმატისთვის ადგილის ცვლილებაზე - ორი მიზანი

ამგვარად, არც მოსკოვის, არც ცხინვალის, არც სოხუმის მიდგომებში აბსოლუტურად არაფერი შეცვლილა და ერთადერთი, რაც "ოცნების" ხელისუფლებამ საქართველოს მოსკოვისადმი თავისი ლოიალური მიდგომითა და დასავლეთისგან ქვეყნის ფაქტობრივი იზოლირების პოლიტიკით მოუტანა, რუსეთიდან თავად "ოცნების" ქება, ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამომისვლის აღდგენა და სავიზო რეჟიმის შემსუბუქებაა, რომლითაც, სტატისტიკის თანახმად, საქართველოში მყოფი და ორ ქვეყანას შორის მოძრავი რუსეთის მოქალაქეები უფრო სარგებლობენ, ვიდრე საქართველოს მკვიდრნი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები