გაერო, ეუთო და ევროკავშირი ჟენევის დისკუსიების სხვა ადგილას გადატანას არ ემხრობიან

08-10-2024 17:01:21 კონფლიქტები

გაერო, ეუთო და ევროკავშირი ჟენევის დისკუსიების სხვა ქვეყანაში გადატანას ეწინააღმდეგებიან, – ამის შესახებ, "რადიო თავისუფლების" ცნობით, ცხინვალში ჟურნალისტებს გაერო–ს დისკუსიების თანათავმჯდომარემ ჯიჰან სულთანოღლუმ განუცხადა.

"ჟენევის დისკუსიები, თავისი განმარტებით და დამფუძნებელი დოკუმენტების მიხედვით, ჟენევაში უნდა იმართებოდეს. აქედან გამომდინარე, სამივე ორგანიზაცია, რომლებიც თანათავმჯდომარეებს წარმოადგენენ - გაერო, ეუთო და ევროკავშირი - მხარს დაუჭერენ ჟენევას, როგორც [შეხვედრების] ადგილის შენარჩუნებას", - განაცხადა სულთანოღლუმ.

მისი თქმით, "თუ მისი გადატანის შესახებ იქნება გადაწყვეტილება მიღებული, ის უნდა მიიღწეს მხოლოდ მონაწილეთა შორის კონსენსუსის გზით და ამ ეტაპზე ამის წინაპირობები არ არსებობს".

"რადიო თავისუფლების" ცნობით, ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო მთავრობის დელეგაციის ხელმძღვანელმა კონსტანტინ კოჩიევმა თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ჟენევის შეხვედრები „სასარგებლო სამუშაო მექანიზმია, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სტაბილურობის უზრუნველყოფის გამტკიცებაში“.

მისი თქმით ჟენევის დისკუსიების მომავალი რაუნდისთვის „არანაირი დაბრკოლება და სირთულე " არ არსებობს.

"მხოლოდ ჟენევის ფორმატშია შესაძლებელი ჩვენი დღის წესრიგის ყველაზე არსებით, ძირითად საკითხებზე მუშაობის გაგრძელება, როგორიცაა მიდგომების განსაზღვრა და, საბოლოოდ, ძალის გამოუყენებლობის დოკუმენტზე მუშაობა და საზღვრის დელიმიტაცია და დემარკაცია", - თქვა კოჩიევმა.

7 ოქტომბერს ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს თბილისში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ უმასპინძლა.

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები ევროკავშირიდან, გაერო-დან და ეუთო-დან. ქართული მხრიდან შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ეფექტიანი ფუნქციონირების მნიშვნელობას და, ამ კონტექსტში, აქცენტი გაკეთდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარი საკითხების — რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების მიმართულებით წინსვლის საჭიროებაზე.

ასევე, ხაზი გაესვა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენის და გალსა და ერგნეთში ხსენებული მექანიზმის რეგულარულად, ფუძემდებლური პრინციპების შესაბამისად გამართვის მნიშვნელობას.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 62-ე რაუნდი 2024 წლის 5-6 ნოემბერს არის დაგეგმილი", – ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამავე თემაზე: რატომ საუბრობს მოსკოვი პერიოდულად ჟენევის ფორმატისთვის ადგილის ცვლილებაზე - ორი მიზანი.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად შექმნილი ფორმატია. თავიდან ის წელიწადში ოთხჯერ ტარდებოდა, თუმცა პერიოდულობა, სხვადასხვა მიზეზით, არაერთხელ დაირღვა.

საქართველოსა და რუსეთის გარდა, მოლაპარაკებებში მონაწილეობას იღებენ ოკუპირებული ცხინვალის და სოხუმის წარმომადგენლები. შეხვედრებში მონაწილეობს აშშ, ხოლო პროცესის თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს წარმომადგენლები.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები ორ პარალელურ სამუშაო ჯგუფში მიმდინარეობს . ერთი ჯგუფი განიხილავს უსაფრთხოების საკითხებს, ხოლო მეორე - იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხსა და ასევე სხვა ჰუმანიტარულ პრობლემატიკასა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს (მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილება და სხვა).

ახალი ამბები

სხვა სიახლეები