პრეზიდენტის ადმინისტრაცია: ნიკა გილაური პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი არ არის

15-10-2024 18:30:35 პოლიტიკა

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ნიკა გილაური პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი არ არის.

ამასთან, ადასტურებენ, რომ პრეზიდენტი დღეს, 15 ოქტომბერს შეხვდა ნიკა გილაურს.

„პრეზიდენტი დღეს შეხვდა ნიკა გილაურს. არ ვადასტურებთ, რომ ნიკა გილაური პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია“,- განაცხადეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.

თავად გილაურს კომენტარი არ გაუკეთებია.

თავდაპირველად შეხვედრის შესახებ ინფორმაცია მედიამ გაავრცელა. ასევე იყო ცნობები, თითქოს შეხვედრა "ტექნიკური მთავრობის" დაკომპლექტებას ეხებოდა და რომ გილაური განიხილებოდა პრემიერობის კანდიდატად.

ნიკა გილაური 2009-2012 წლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, მანამდე ენერგეტიკის და შემდეგ ფინანსთა მინისტრის პოზიციებს იკავებდა.

გილაურმა 5 ოქტომბერს საჯარო ლექცია გამართა, "საქართველოს ისტორიული შანსი: შესაძლებლობა რომელიც არ უნდა გავუშვათ ხელიდან", სადაც საქართველოს ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრა.

მან თქვა, რომ 12 წელია, რაც რეგიონის განვითარების პროექტზე მუშაობს და გადაწყვიტა, რომ ეს დოკუმენტი გაუზიაროს ყველა პოლიტიკურ პარტიას და პრეზიდენტს და რომ მისი მთავარი მიზანი გამოცდილების გაზიარებაა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები