15-10-2024 19:33:06 პოლიტიკა
15 ოქტომბერს ლუქსემბურგში გამართული ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს შესახებ იმსჯელეს, - ამის შესახებ იუწყება უნგრეთის ევროპის საქმეთა მინისტრი იანოს ბოკა.
შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე იანოს ბოკამ განაცხადა, რომ სხდომის მიმდინარეობისას საქართველოს საკითხი გერმანიამ წამოჭრა.
„გერმანიამ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების საკითხი წამოაყენა, და კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ერთგულება რეგიონის სტაბილურობასა და დემოკრატიული მისწრაფებებისადმი”, - განაცხადა ბოკამ.
მისი თქმით, ევროპული საბჭოს მომდევნო შეხვედრაზე, რომელიც ბრიუსელში 17-18 ოქტომბერს გაიმართება და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები მოიყრიან თავს, იმსჯელებენ საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, პირველ რიგში კი საქართველოზე.
ევროკავშირის საბჭოს სხდომის დაწყებამდე კომენტარი გააკეთეს გერმანიისა და საფრანგეთის წარმომადგენლებმა.
"თუ საქართველოს სურს გააგრძელოს თავისი ევროპული გზა, რაც ჩვენც გვინდა, რადგან მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, მას მოუწევს პატივი სცეს ბლოკის ფუნდამენტურ ღირებულებებს. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას პატივი სცეს არჩევნების მთლიანობასა და კანონის უზენაესობას. ეს არის ის ღირებულებები, რომლებიც საფუძვლად უდევს ევროკავშირს“, - აღნიშნა ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრმა ბენჟამინ ჰადადმა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ევროპის საკითხებში ანა ლიურმანმა თქვა, რომ საქართველოს მთავრობა აფერხებს მოსახლეობის ევროპულ მისწრაფებას:
"ევროკავშირის წევრობაზე ქართველებიც ოცნებობენ. სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა ქართველებს ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე აფერხებს. ჩვენ ქართველ ხალხს გვერდში ვუდგავართ, რათა ეს ოცნება აისრულონ. საქართველოს მოსახლეობას აქვს უფლება, არჩევნებზე თავისუფლად და სამართლიანად მიიღონ გადაწყვეტილება თავისი გზის, სამომავლო მიმართულების შესახებ".