ივანიშვილს ზუგდიდიდან აფხაზებისა და ოსებისადმი მიმართვისას "ბოდიში" და რუსეთი არ უხსენებია

15-10-2024 21:43:31 კონფლიქტები ,პოლიტიკა

დიდი სიყვარულითა და განსაკუთრებული მონატრებით მივესალმები ენგურს მიღმა მცხოვრებ ჩვენს აფხაზ დებსა და ძმებს. მჯერა, რომ დადგება დრო, როდესაც ერთიან, ძლიერ საქართველოში, სოხუმსა და ცხინვალში გვექნება საშუალება, რომ მსგავსი შეხვედრები ჩავატაროთ, ჩვენი ქვეყნის ნათელ მომავალსა და განვითარების შესაძლებლობაზე ვისაუბროთ,- ამ სიტყვებით დაიწყო ზუგდიდში "ქართული ოცნების" საარჩევნო შეხვედრაზე საკუთარი გამოსვლა პარტიის საპატიო თავმჯდომარე, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა.

მან ამჯერადაც ისაუბრა "უცხო ძალებზე", "ქართული ოცნების" წარმატებებზე და აღნიშნა, რომ "სწორედ მშვიდობა და ქვეყნის სწორი ეკონომიკური განვითარება უნდა გახდეს საფუძველი, რომ ავისრულოთ ნანატრი ოცნება - ისევ ერთიანი ვიხილოთ ჩვენი საქართველო".

ამჯერად მას "ბოდიში" აღარ უხსენებია, რამაც თავის დროზე საზოგადოებაში ბევრი აღაშფოთა, თუმცა თქვა, რომ "ამის ერთადერთი გზა ურთიერთშერიგებაზე, ურთიერთპატიებასა და ნდობის აღდგენაზე გადის".

"რა თქმა უნდა, ერთია ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები, თუმცა, უმნიშვნელოვანესია, არსებული რეალობა რამდენად ქმნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობას. არაერთხელ ვისაუბრე, რომ რეგიონში მიმდინარე მოვლენებისა და პროცესების დინამიკურობის ფონზე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობა ნებისმიერ დროს შეიძლება გაჩნდეს, თუმცა, ამისთვის სიფხიზლე და მზაობა გვმართებს. ასეთ შემთხვევაში აუცილებელი გახდება ტერიტორიული მოწყობა არსებულ რეალობასთან მოვიყვანოთ თანხვედრაში და ეს კონსტიტუციაში ავსახოთ. სწორედ ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რის გამოც „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობით უნდა გაიმარჯვოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ ამ ყველაფერს ისევე შეეწინააღმდეგება, როგორც ნებისმიერ ჩვენი ქვეყნის ინტერესს! ამას, შერიგებასა და ნდობის აღდგენის შესახებ გაჟღერებული ნებისმიერი ინიციატივის საპასუხოდ არსებული მათი ისტერიული რეაქციები ადასტურებს",- კვლავ გაიმეორა ივანიშვილმა, თუმცა ამჯერადაც არ დაუზუსტებია, კონკრეტულად როგორ გეგმავს ამის გაკეთებას და რატომ არის აუცილებელი საკონსტიტუციო ცვლილებები. ბევრი ექსპერტი თვლის, რომ საუბარია კონფედერაციაზე, რომლის დროსაც საქართველოს მოუწევს აფხაზეთის და ცხინვალის "დამოუკიდებლობის" აღიარება, თუმცა "ოცნებაში" ეს იდეა უარყვეს.

"ამის საპირისპიროდ", ივანიშვილის თქმით, "უცხო ინტერესების შესაბამისი „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყანას კვლავ ომში ექაჩება, რაც საქართველოს 2008 წელს ერთხელ უკვე დაატეხა თავს":

"ათობით ათას დევნილთან, ჩვენი გმირი მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების დაკარგულ სიცოცხლესა და დამატებითი ტერიტორიების დაკარგვასთან ერთად, „ნაციონალური მოძრაობის“ მაშინდელმა ქმედებებმა ქართველ და ოს თუ აფხაზ თანამოძმეებს შორის არსებული, გამთელებისკენ წასული იარა კიდევ უფრო გააღრმავა, შერიგების პროცესი კი დროში უფრო დაგვიანებული და რთული გახადა. ბიზნესის რეკეტის, დემონსტრაციების უმოწყალოდ დარბევის და ქუჩაში ახალგაზრდების უმიზეზოდ დახოცვის, ხალხის ხარჯზე კომფორტის მოწყობის, განსხვავებული აზრის დევნის, ციხეებში პატიმრების წამებისა და კიდევ უამრავი სხვა დანაშაულის მიუხედავად, უცხო ინტერესების შესაბამისად 2008 წლის აგვისტოში ჩადენილი ქმედებები, „ნაციონალური მოძრაობის“ ყველაზე დიდი ღალატია, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ ჩაიდინეს! არასამთავრობო ორგანიზაციებად და 4 პოლიტიკურ სუბიექტად გაშლილი კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ აგრძელებს აგენტურულ საქმიანობას და საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებას. ქვეყანაში მუდმივი დაძაბულობის აღმოფხვრა, გრძელვადიანი სტაბილურობისა და სიმშვიდის მიღწევა მხოლოდ პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღების პირობებშია შესაძლებელია, როდესაც მოსახლეობას არჩევანის გაკეთება კარგსა და უკეთესს შორის შეუძლია. დღეს არსებულ ვითარებაში კი, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ სრული ოპოზიციური სპექტრის მონოპოლიზაციას ახერხებს, არჩევანი ომის, ნგრევისა და ქაოსის მსურველ „ნაციონალურ მოძრაობას“, მეორე მხრივ კი მშვიდობის, განვითარებისა და სტაბილურობის გარანტ „ქართულ ოცნებას“ შორის გვაქვს. საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვების შემდეგ, ამ პარტიას და მის სატელიტ თუ მემკვიდრე პარტიებს კონსტიტუციით ავკრძალავთ, პარალელურად კი გამჭვირვალე და სამართლიანი სასამართლო პროცესის შემდეგ, 2008 წლის აგვისტოში ჩადენილი ღალატისთვის სამართლებრივად მოუწევთ პასუხისგება!"

ახალი ამბები

სხვა სიახლეები