ივანიშვილი: თუ ოთხ ფლანგად გაშლილმა რადიკალურმა ოპოზიციამ მოახერხა ძალაუფლების ხელში ჩაგდება, წლების ნაშენები ქვეყანა, ყველა რეიტინგი გაქრება

15-10-2024 22:01:15 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ და საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდში, საარჩევნო შეხვედრაზე მოქალაქეებისადმი მიმართვისას კვლავ "უცხო ძალებზე" ისაუბრა, ასევე 2012 წლამდელ პერიოდზე და თქვა, რომ "მიზანმიმართულად ვთქვით უარი ტყუილზე".

მან გაიხსენა, რომ 7 ოქტომბერს საზოგადოებას წარუდგინეს "ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა, რომელიც, მისი აზრით, "იმდენად შთამბეჭდავია, რომ საქართველოს მტრებს თვალებს უბრმავებს და მოსვენებას უკარგავს, მოყვარეს კი უზომოდ ახარებს არსებული მიღწევები და კიდევ უფრო დიდი, მაგრამ ამავე დროს რეალისტური გეგმები".

"დღეს, ერთადერთი გზა, რომელმაც საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერა შეიძლება მოგიტანოს სიმართლე და ქვეყნისთვის გაკეთებული საქმეა! მხოლოდ ლამაზი სიტყვებით საუბარი მარტივია, თუმცა, თუ ამ სიტყვებს საკუთარი საქმიანობით არ ამყარებ, ყოველი მათგანი ფუჭია! ჩვენი პოლიტიკური გუნდის წარმატების ერთ-ერთი გასაღებიც სწორედ ეს არის. ჩვენ მიზანმიმართულად ვთქვით უარი ტყუილზე და ამ გზით მხარდაჭერის გაზრდაზე. „ქართულმა ოცნებამ“, ყველა სხვა პოლიტიკური ძალისგან განსხვავებით რთული გზა აირჩია და საზოგადოების ნდობის მოპოვებას ჩვენი გადადგმული ნაბიჯებით ვცდილობთ მხოლოდ!",- ირწმუნება ივანიშვილი და დასძენს, "საქართველოში არ არსებობს სფერო, რომლის მიმართულებითაც გარდამტეხ პროგრესს არ მივაღწიეთ!".

მან დასტურად მოიხმო რიგი საერთაშორისო რეიტინგები, ამასთან საზოგადოებას უთხრა, რომ "მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2024 წელს საქართველოში საერთაშორისო სიღარიბის დონე ახალ ისტორიულ მინიმუმამდე მცირდება და მაჩვენებლის 12-წლიანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია. 12 წელში რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა მსოფლიოს ყველა ქვეყნებს ვედრებით და საუკეთესო ხუთეულშია სიღარიბის შემცირების ნაწილში".

"სწორედ იმიტომ, რომ "ქართული ოცნება" ადგას სწორ გზას ყველა მიმართულებით, საქართველოს შესახებ სამომავლო პროგნოზიც ძალიან შთამბეჭდავია, რომელსაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი აქვეყნებს. ავტორიტეტულმა ინსტიტუციამ 2030 წლამდელი პერიოდის მსოფლიო ეკონომიკის გრძელვადიანი პროგნოზი გამოაქვეყნა, საქართველო კი ათწლიანი ზრდის პროგნოზის სამი მიმართულებით მოხვდა მსოფლიოს საუკეთესო სამეულში.

ერთ სულ მოსახლეზე, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ათწლიანი ტემპის მიხედვით, საქართველო 2029 წლისთვის მსოფლიოს საუკეთესო სამეულში იმკვიდრებს ადგილს, ხოლო ევროპაში ზრდის უპირობო ლიდერია - უპირობო ლიდერია ევროპაში საქართველო 2029 წლამდე ეკონომიკის ზრდის ტემპებით, ეს უკვე მეორეა 2029 წლამდე ეკონომიკის ზრდის ტემპებით საუკეთესოა. საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ამერიკულ დოლარში ერთ სულ მოსახლეზე 2029 წლისთვის 12 900 აშშ დოლარს გადააჭარბებს. ზრდის საპროგნოზო ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, კიდევ ერთი წელი რომ დავამატოთ, იმიტომ, რომ 2029 წლამდე გააკეთა კვლევა სავალუტო ფონდმა, 2030 წელს 14 ათას აშშ დოლარს გადააჭარბებს და მაღალი ალბათობით გახდება მაღალშემოსავლიანი სტატუსის მქონე ქვეყანა მსოფლიო ბანკის გრადაციით. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო მდიდარი ქვეყნების რიგში ჩაეწერება და ჩვენ ევროპაში არა ცალფეხზე და ხელგაწვდილი შევალთ, არამედ შევალთ თავაწეული და ამაყნი და გავხდებით ყველაზე წარმატებული გაერთიანებული ოჯახის წევრი. 2029 წლისთვის საქართველოს ექნება უფრო დიდი ეკონომიკა მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, ვიდრე ევროკავშირის წევრ 6 ქვეყანას",- ამტკიცებს ივანიშვილი.

აქვე ივანიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ "არ გვექნებოდა არანაირი ხელშესახები პროგრესი, რომ არა უწყვეტი მშვიდობა, რომელსაც დიდი ძალისხმევის შედეგად ვინარჩუნებთ".

ივანიშვილი ამტკიცებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" არ დაუშვა ნეპოტიზმი და კორუფცია და რომ უფრო და უფრო აუმჯობესებს მართვის მეთოდებს:

"12 წლის მანძილზე, არაერთი გამოწვევის პარალელურად, მუდმივად ვაუმჯობესებდით მართვის მეთოდებს, გვყავს პროფესიონალი საჯარო მოხელეების მთელი არმია, წარმატებული მენეჯერები, სამშობლოს და ქვეყნის ერთგული ლიდერები... კონკრეტულად ამ ადამიანებმა უზრუნველყვეს საქართველოს ხელშესახები პროგრესი. ქვეყნის მართვის თითქმის უშეცდომო და სწორმა მენეჯმენტმა გაგვიყვანა შედეგებზე, რომელსაც თითოეული ჩვენი მოქალაქე საკუთარ თავზე გრძნობს. ჩვენ არ დავუშვით, არავის ვაპატიეთ ქვეყანაში კორუფციის, ნეპოტიზმისა და პიროვნული სარგებელის მიღების იოტისოდენა ფაქტები, რამაც, როგორც ხედავთ, ხელისუფლებაში ყოფნიდან 12 წლის თავზე კონკრეტული შედეგები გამოიღო და ამ შედეგებს ავტორიტეტული სარეიტინგო ორგანიზაციები ადასტურებენ. ამ საიმედო მოცემულობის პარალელურად - უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ოთხ ფლანგად გაშლილმა რადიკალურმა ოპოზიციამ როგორმე მოახერხა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და ძალაუფლების ხელში ჩაგდება, წლების ნაშენები ქვეყანა, ყველა რეიტინგი და ყველა პროგნოზი რამდენიმე წუთში გაქრება. თუ დანის პირზე სწორად არ გავიარეთ, მშვიდობას ომი და ნგრევა, ჩიტების ჭიკჭიკის ხმას კი ბომბების წვიმა და ტყვიების ზუზუნი ჩაანაცვლებს",- თქვა ივანიშვილმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები