ესპანეთში 13 ტონა ქიმიური ნივთიერება ამოიღეს, რომელსაც რუსეთში გასაგზავნად ამზადებდნენ

15-10-2024 22:26:59 ევროპა

ესპანეთის პოლიციამ ბარსელონას პორტში 13 ტონა აკრძალული ქიმიური პროდუქტი ამოიღო, რომელიც რუსეთში გადასაზიდად იყო გამზადებული. ამის შესახებ უწყება სოციალურ ქსელ X-ზე იტყობინება.

„საგადასახადო ადმინისტრაციასთან ერთობლივი ოპერაციის დროს 13 000 კგ ქიმიკატების ტვირთი, რომელიც განკუთვნილი იყო რუსეთისთვის, დააკავეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

დაკავებულია ოთხი ეჭვმიტანილი. მედია წერს, რომ ისინი კავშირში არიან დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან, რომელიც, სავარაუდოდ, სანქციების გვერდის ავლით რუსეთს ქიმიურ ნივთიერებებს აწვდიდა.

გამოძიების მიხედვით, საერთაშორისოდ სანქცირებული ქიმიკატები, რომელთა ნაწილი ქიმიური იარაღის დასამზადებლადაც შეიძლება იყოს გამოყენებული, ამ კომპანიის გავლით აქამდეც ყოფილა ექსპორტირებული.

გამომძიებლებმა აღნიშნეს, რომ ესპანურმა კომპანიამ საერთაშორისოდ სანქცირებული ქიმიური ნივთიერების რუსეთში ექსპორტისთვის რთული ლოჯისტიკური და ფინანსური სისტემა შეიმუშავა. სისტემის ფარგლებში მოსკოვში ერთი შვილობილი და სომხეთსა და ყირგიზეთში რამდენიმე ფიქტიური კომპანია დაარსდა, რომლებიც საქონლის ნამდვილი მისამართის დასაფარად გამოიყენებოდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები