აშშ საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს „ახლოდან დააკვირდება“

15-10-2024 22:56:32 პოლიტიკა

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს „ახლოდან დააკვირდება“. ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა ბრიფინგზე გააკეთა 26 ოქტომბრის არჩევნებზე დასმული კითხვის პასუხად.

“გვსურს, რომ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს და მომავალ დღეებში ახლოდან დავაკვირდებით”, - განაცხადა მილერმა.

საქართველოს ხელისუფლების მიმართ დასავლელი პარტნიორების მხრიდან კრიტიკა გამკაცრდა "აგენტების კანონის" მიღებისა და მზარდი ანტიდასავლური რიტორიკის ფონზე.

ამ გარემოებას საკუთარ გამოსვლაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ ხაზი გაუსვა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმაც და აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნები გადამწყვეტი ტესტი იქნება დემოკრატიისთვის საქართველოში და მისი ევროპული გზისთვის.

"მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი განცხადებები, ქმედებები, საარჩევნო დაპირებები ქვეყანას ევროპულ გზას აშორებს. ეს არის ავტორიტარიზმისკენ გადახვევის სიგნალი. სწორედ ამიტომ, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია. თქვენ იცით კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ევროპულ დაფინანსების კუთხით. დაველოდოთ საპარლამენტო არჩევნებს, რაც გადამწყვეტი ტესტი იქნება დემოკრატიისთვის საქართველოში და მისი ევროპული გზისთვის".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები