
"დღესაც ვფიქრობ, რომ ირაკლი შოთაძე არ უნდა გადამდგარიყო, ეს იყო შეცდომა"
06/02/2020 11:16:50 საშინაო პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის აზრით, ირაკლი შოთაძე მთავარი პროკურორის თანამდებობიდან არ უნდა გადამდგარიყო.
"დღესაც ვფიქრობ, რომ ირაკლი შოთაძე თანამდებობიდან არ უნდა გადამდგარიყო. ეს იყო შეცდომა, მე ეს ხმამაღლა თავის დროზეც ვთქვი. მაშინ მე მას ვთხოვე, არ მიეღო ეს გადაწვეტილება. ეს იყო, რა თქმა უნდა, რთული, მაგრამ ღირსეული ნაბიჯი. თუმცა მე ამას უფრო მკაცრად ვაფასებ და ვამბობ, რომ მისი წასვლა იყო შეცდომა. შესაბამისად, ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ იმაში, რომ დაბრუნდეს ადამიანი, რომლის წასვლაც იყო შეცდომა. მე ამას მხოლოდ მივესალმები", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
ყოფილი მთავრი პროკურორი ირაკლი შოთაძე ერთ-ერთია იმ პირთა შორის, რომელთაც მთავარი ბრალმდებლის პოსტზე პრეტენზია აქვთ.
ირაკლი შოთაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან 2018 წლის მაისში, ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის გამო დაწყებული აქციების შემდეგ გადადგა. ის თანამდებობას 2015 წლის 27 ნოემბრიდან იკავებდა.