"ოცნება" ირწმუნება, რომ "კავკასიის რუსულ თემთან" არაფერი აკავშირებს, თავად თემი კი "ოცნებას" "მხარდაჭერისთვის" მადლობას უხდის

17-10-2024 13:42:47 პოლიტიკა

საქართველოს მმართველ პარტია "ქართულ ოცნებაში" ირწმუნებიან, რომ "კავკასიის რუსულ თემთან" არაფერი აკავშირებთ და არაფერი იციან ორგანიზაციის გეგმაზე, თბილისში ფილიალი აამოქმედოს, თავად "რუსული თემი" კი "ოცნებას" "მხარდაჭერისთვის" მადლობას კიდევ ერთხელ უხდის და გრანდიოზულ არჩევნებისშემდგომ გეგმებსაც ასაჯაროებს.

რუსული ორგანიზაციის განცხადებასთან დაკავშირებულ პირველ კომენტარში, რომელიც "ოცნების" პრეს-სამსახურის უფროსმა გიორგი გრძელიშვილმა გამოცემა "სოვას" მისცა, ნათქვამია:

"ვინ არიან ისინი? რაში გამოიხატა "მხარდაჭერა"? ანონიმურია თუ არა ეს ჯგუფი? რას წარმოადგენენ? აქვთ თუ არა სახელები, გვარები? ეს უბრალოდ რაღაც გაუგებარი ინფორმაციაა და მასზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებთ. თუ რაიმე კონკრეტიკა არ იქნა, პასუხს ვერ გავცემთ".

გამოცემა დაუკავშირდა რუსული ორგანიზაციის ტელეგრამ-არხის მხარდაჭერის სამსახურსაც, სადაც განუცხადეს, რომ "კავკასიის რუსული თემი" "მხოლოდ და მხოლოდ მხარდამჭერთა შემოწირულობებით მოქმედებს" და რომ უახლოეს ხანებში გამოცხადდება თბილისში ორგანიზაციის ფილიალის გახსნის შესახებ, რაშიც მას საქართველოს მმართველი პარტია "ქართული ოცნება" ეხმარება, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი ორგანიზაცია ფილიალებს საქართველოს ყველა ქალაქში აამოქმედებს:

"არჩევნების შემდეგ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ვაპირებთ, აქტიურად ავამოქმედოთ ჩვენი ფილიალები ყველა ქალაქში, დავიწყებთ რუს და ქართველ ხალხებს შორის კავშირების აღდგენას, რათა ერთიანად დავუპირისპირდეთ დასავლურ საფრთხეს... მნიშვნელოვანია ზეგავლენა სასწავლო პროცესზეც, რათა ქართველების ახალ თაობებს ახსოვდეთ ჩვენს ხალხებს შორის კავშირების მნიშვნელობა და რუსული ენაც ესმოდეთ".

ამასთან, როგორც ორგანიზაციის ტელეგრამ-არხის მხარდაჭერის სამსახურში განაცხადეს, ისინი პირად შეხვედრებს ამ ეტაპზე "პროვოკატორების გამო" არიდებენ თავს.

ცნობისთვის: 7 ოქტომბერს ამოქმედებულ ტელეგრამ-არხში დღეს "კავკასიის რუსული თემის" განცხადება გამოქვეყნდა, რომლის ავტორები უახლოეს ხანებში თბილისში ფილიალის გახსნის განზრახვას ასაჯაროებენ და "საქართველოში რუსი ხალხის მტრების ჟლეტით" იმუქრებიან, მთავარ ამოცანად კი "საქართველოში მყოფ რუს მედასავლეთეებთან ბრძოლას" ასახელებენ.

"რუსები და ქართველები ყოველთვის მეგობრები იყვნენ, ერთმორწმუნე ძმები, რომლებიც ერთად ებრძოდნენ მტრებს სპარსეთისა და თურქეთის სახით. სადღეისოდ საქართველო ქცეულია სახლად რუსეთის უამრავი მკვიდრისათვის. თუმცა მათ შორის არიან არა მარტო ნამდვილი რუსი პატრიოტები, რომლებსაც არ დაჰვიწყებიათ საკუთარი სამშობლო და კულტურა, არამედ ყოველი ჩვენგანისთვის საძულველი პროდასავლელი ნავალნისტებიც. სწორედ მათთან საბრძოლველად ფორმდება რუსული თემი ქალაქ ტიფლისში! ამასწინათ გახსნილი "კავკასიის რუსული თემის" წარმომადგენელი ჩვენი ძვირფასი თანამებრძოლების მხარდაჭერით ჩვენ ჩვენს ერთგულ ქართველ ძმებთან ერთად დავკავდებით რუსი ხალხის მტრების ჟლეტით ახლა უკვე უცხოეთშიც!" - ნათქვამია ტელეგრამ-არხის განცხადებაში.

იქვეა მოყვანილი კრემლის ცნობილი პროპაგანდისტული ნარატივები "რუსი და ქართველი ხალხების ერთმორწმუნეობის, ერთიანი ტრადიციული ფასეულობების, ძმობისა და მეგობრობის" შესახებ:

"უკვე დღეს ტრადიციული ფასეულობებისადმი ჩვენი ერთგულების წყალობით ვსარგებლობთ უამრავი იმ ქართველის მხარდაჭერით, რომლებმაც თავისი საბრძოლო სულითა და უდრეკობით უკვე გაუწიეს მედგარი წინააღმდეგობა და დაიცვეს თავისი სამშობლო დასავლეთის გავლენის წნეხისაგან. საქართველო იყო, არის და იქნება რუსეთის მეგობარი, ისევე, როგორც ყველა დიადი მებრძოლი ხალხი იქნება ძმა იმ რუსებისთვის, რომლებსაც საკუთარი ფესვები ახსოვთ!".

ამასთან, პუბლიკაციაში მზაკვრულად არის შემოტანილი რუსეთის მიერ ოკუპირებული ქართული რეგიონის - აფხაზეთის თემა, აფხაზეთში ქართველების ეთნოწმენდაში "იჩქერიელები და კავკასიის სხვა ხალხები" არიან დადანაშაულებულები, ამ კონფლიქტში რუსეთის როლი კი სრულადაა ნიველირებული. "იჩქერიელებსვე" ბრალდებათ "რუსების გენოციდი" ჩეჩნეთში - მაშინ, როცა რეალურად, ყველაფერი პირიქით იყო და სწორედ რუსებმა განახორციელეს ჩეჩნების ეთნოწმენდა:

"დღესაც კი რუსეთსა და საქართველოს აკავშირებთ ისტორიული ტრადიციების მსგავსება: ქართველებისთვის ომი აფხაზეთში, სადაც სეპარატისტები იჩქერიელებისა და სხვა კავკასიელი ხალხების მხარდაჭერით ეთნიკურ წმენდას ახორციელებდნენ, უდიდეს ტკივილად იქცა, რუსეთისთვის კი ანალოგიურ ტკივილს წარმოადგენს რუსების გენოციდი ჩეჩნეთშიო".

ტელეგრამ-არხს ჩამოთვლილი აქვს ქალაქები, სადაც რუსული თემი უკვე მოქმედებს. მათ შორისაა გროზნო, მახაჩყალა, ნალჩიკი, ჩერკესსკი, ვლადიკავკაზი, პიატიგორსკი, კისლოვოდსკი, ახლა კი - უკვე თბილისიც, რომელიც "კავკასიის რუსულ ქალაქებსაა" მიკუთვნებული.

დასასრულს ორგანიზაცია თავის პუბლიკაციაში "ქართული ოცნების" გუნდს მადლობას უხდის "მის ტერიტორიაზე ოფიციალურად მოქმედების შესაძლებლობისთვის".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები