რუსული სპეცსამსახურების თარეში საქართველოში: რუსი ოპოზიციონერი ყვება, როგორ შეიტყუეს ცხინვალში პუტინის ხელისუფლებისთვის გადასაცემად

17-10-2024 16:26:34 პოლიტიკა ,სამართალი

პუტინის ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი მოძრაობა "არტპოდგოტოვკას" წევრი რაფაილ შეპელევი მოტყუებით თბილისიდან ცხინვალის რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეიტყუეს, იქიდან კი რუსეთში, პუტინის სასამართლოში უკრეს თავი.

ისტორია, რომელიც მას საქართველოში გადახდა თავს, შეპელევმა ეკატერინბურგის საოლქო სასამართლოს სხდომაზე განასაჯაროვა.

შეპელევი საქართველოში 2021 წლიდან ცხოვრობდა. ოპოზიციონერი აქტივისტი პუტინის ხელისუფლებას გამოექცა, საქართველოში ჩამოსული კი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ მიტინგებში მონაწილეობდა. 2023 წლის 12 ოქტომბერს შეპელევი გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფელ კირბალიდან გაქრა. იმხანად თანამოაზრეები ვარაუდობდნენ, რომ იგი რუსმა ოკუპანტებმა გაიტაცეს. საქართველოს შსს-ში კი აცხადებდნენ, რომ შეპელევმა "ნებაყოფლობით გადაკვეთა საოკუპაციო ხაზი და ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმეში გაემართა". თითქმის ერთწლიანი გაუჩინარების შემდეგ ოპოზიციონერი აქტივისტი პუტინის რეჟიმის ციხეში აღმოჩნდა და რუსული სასამართლოს წინაშე წარსდგა.

როგორც სხდომაზე შეპელევმა განაცხადა, 2022 წლის აგვისტოში, საქართველოშო ყოფნისას, მან გაიცნო პირი, რომელმაც სააკაშვილის მიერ უკრაინაში დაფუძნებული პარტიის - "ახალ ძალთა მოძრაობის" ხელმძღვანელ სერგეი გარკუშად წარუდგინა თავი და შემდგომში რამდენჯერმე დაუკავშირდა ტელეფონით. 2023 წელს შეპელევი გაწევრიანდა ლეგიონში "თავისუფლება რუსეთს" და მიმართა "გარკუშას", რომელმაც იგი "თავის ნაცნობებთან" დააკავშირა ვითომდა "უკრაინის უშიშროების სამსახურიდან". რუსეთში კერძო გასამხედრობული დაჯგუფება "ვაგნერის" ლიდერ ევგენი პრიგოჟინის აჯანყების შემდეგ შეპელევმა გადაწყვიტა, გაწევრიანებულიყო პოლკში, რომელსაც პუტინის რეჟიმისადმი ოპოზიციურად განწყობილთა მოძრაობა "არტპოდგოტოვკას" ხელმძღვანელი ვიაჩესლავ მალცევი ქმნიდა. იმავე პერიოდში ზემოთხსენებული პირები, რომლებიც "გარკუშამ" მას "უკრაინის უშიშროების სამსახურის აგენტებად" გააცნო, შეპელევს მალცევის პოლკში გაწევრიანებაში დახმარებას დაჰპირდნენ იმ პირობით, რომ შეასრულებდა რამდენიმე "საგამოცდო" დავალებას, კერძოდ, გადაიტანდა ბათუმიდან ზემო ლარსამდე ამანათებს, რომლებშიც ასაფეთქებელი მოწყობილობის დეტალები იქნებოდა მოთავსებული. როგორც რუსი აქტივისტი ყვება, პირველი ორი დავალება მან წარმატებით შეასრულა, მესამე ჯერზე კი გარკვეული ეჭვები გაუჩნდა და "აგენტებს" უარი განუცხადა, სანამ თავად მალცევი არ დაუკავშირდებოდა. მაშინ "აგენტები" შეპელევს პოლონეთში გადაყვანას დაჰპირდნენ, სადაც მას ვითომდა მალცევის პოლკში გაწევრიანება ელოდა, თუკი მესამე ამანათს ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონთან გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფელ კირბალში ჩაიტანდა. რუსი აქტივისტი დასთანხმდა - და 2023 წლის 12 ოქტომბერს კირბალის მიდამოებში რუს ოკუპანტებს ჩაუვარდა ხელში.

პუტინის ხელისუფლება შეპელევს "ტერორიზმის გამართლებასა" და ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობას ედავება, რის საფუძველზეც მას, შესაბამისად, 10-დან 20 წლამდე და 5-დან 7 წლამდე პატიმრობა ელის.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები