
ზელენკი: უკრაინას ან ბირთვული იარაღი ექნება ან ჩვენ ნატო-ს წევრი ვიქნებით!
17/10/2024 12:41:11 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპთან კომუნიკაციისას განიხილა უკრაინის ნატოში გაწევრიანების აუცილებლობა და ახსენა კიევის უარი ბირთვულ იარაღზე,- ამის შესახებ, "უკრაინსკაია პრავდას" ცნობით, ზელენსკიმ ხუთშაბათს, 17 ოქტომბერს ევროპის საბჭოს სხდომაზე მონაწილეობის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, სადაც მან წარადგინა „გამარჯვების გეგმა".
პრეზიდენტმა გაიხსენა ბუდაპეშტის მემორანდუმი, როგორც არაეფექტური შეთანხმება, ვერ დაიცვა რა უკრაინა, რომელმაც უარი თქვა ბირთვულ იარაღზე.
"ამ დიდი ქვეყნებიდან, ბიეთვული სახელმწიფოებიდან რომელი დაზარალდა? ყველა? არა! ერთი - უკრაინა! ვინ დათმო ბირთვული იარაღი? ყველამ? ერთმა - უკრაინამ. ვინ იბრძვის დღეს? უკრაინა! დონალდ ტრამპთან საუბრისას მე ვთქვი: ან უკრაინას ბირთვული იარაღი ექნება და ეს ჩვენთვის დაცვა იქნება, ან რაიმე სახის ალიანსი უნდა გვქონდეს. ნატო-ს გარდა ჩვენ სხვა ეფექტური ალიანსები არ ვიცით“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ბრიუსელში.
მან დასძინა, რომ ნატოს ქვეყნები დღეს არ არიან ომში, რის გამოც უკრაინა ირჩევს ნატოს და არა ბირთვულ იარაღს.
”მე მჯერა, რომ დონალდ ტრამპმა მომისმინა - მან თქვა: ”თქვენ სამართლიანი არგუმენტები გაქვთ”, - დასძინა ზელენსკიმ.
მან ასევე განაცხადა, რომ თუ მისი პარტნიორები მხარს არ დაუჭერენ მის „გამარჯვების გეგმას“, ეს რუსეთისთვის პრივილეგია და დიდი შეცდომა იქნება.
პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირის სამიტზე 18 ლიდერმა კომენტარი გააკეთა მის „გამარჯვების გეგმაზე“ და უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.
ალიანსის გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ 17 ოქტომბერს ბრიუსელში, ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა, რომ უკრაინა მომავალში შეუერთდება ნატოს და გახდება ალიანსის 33-ე ან 34-ე წევრი.
”ამ მომენტში, როგორც ჩანს, უკრაინა 33-ე წევრი იქნება”, - თქვა რუტემ, მაგრამ აღნიშნა, რომ თეორიულად მას სხვა ქვეყანამ შეიძლება გაუსწროს. ოფიციალურად, ნატოში გაწევრიანების კანდიდატია ბოსნია და ჰერცეგოვინა.
„კონკრეტულ შეკითხვას, „როდის?“, მე ვერ ვუპასუხებ ახლა, ამ მომენტში“, - დასძინა რუტემ და აღნიშნა, რომ მოკავშირეები ახლა მუშაობენ უკრაინის ნატოში გაწევრიანებისკენ „ხიდის“ აშენებაზე.
რუტე ბრიუსელში 17 ოქტომბერს შეხვდება უკრაინის პრეზიდენტ. თვის დასაწყისიდან, ეს მათი მესამე შეხვედრა იქნება.