პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე წლის დასაწყისიდან 60-ზე მეტი ჯარისკაცი დაშავდა

17-10-2024 17:36:29 ევროპა

2024 წლის დასაწყისიდან 60-ზე მეტი პოლონელი ჯარისკაცი დაშავდა ბელარუსიდან საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობების აღკვეთისას. იტყობინება RMF24 პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილეზე პაველ ბეიდაზე დაყრდნობით.

მინისტრის მოადგილემ სეიმში გამოსვლისას თქვა, რომ 2024 წლის დასაწყისიდან 63 პოლონელი ჯარისკაცი დაშავდა ბელარუსის საზღვარზე პატრულირებისა და არალეგალური მიგრაციის პრევენციის დროს. დაზიანების ყველაზე გავრცელებული მიზეზი მიგრანტების მიერ ნასროლი ქვები და ხის ნაჭრები იყო.

მისი ცნობით, მხოლოდ ბოლო შვიდი დღის განმავლობაში საზღვრის უკანონო გადაკვეთის თითქმის 390 მცდელობა დაფიქსირდა, რაც წინა კვირის მაჩვენებელს თითქმის 40%-ით ჩამოუვარდება.

საერთო ჯამში, 1 იანვრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით, დაფიქსირდა ბელარუსიდან საზღვრის უკანონო გადაკვეთის თითქმის 28 ათასი მცდელობა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება მთელი 2023 წლის მონაცემებს (25 ათასზე მეტი).

„ეჭვი არ გვეპარება, რომ იმ მასშტაბებს, რაც ხდება საზღვარზე, ბელარუსის სამსახურები არეგულირებენ“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ბოლო სამი კვირის განმავლობაში შეიმჩნევა საზღვრის გადაკვეთის მცდელობების შემცირების ტენდენცია, თუმცა პოლონეთის თავდაცვაში არ გამორიცხავენ, რომ უახლოეს თვეებში მსგავსი შემთხვევები კვლავ გაიზარდოს. ამინდის ფაქტორი მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.

მიგრანტებს შორის უმრავლესობა ავღანეთის, სირიისა და ირანის მოქალაქეა, ოდნავ ნაკლებნი არიან სომალის, ერითრეის, ეთიოპიის, იემენისა და ინდოეთის მოქალაქეები. ხალხი იყენებს კიბეებს და მსგავს აღჭურვილობას პოლონეთის მიერ აშენებული ხუთმეტრიანი ღობის დასაძლევად, ან ცდილობს ღობის დაზიანებას.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები