დიდი ბრიტანეთი დანიშნავს სპეცბრიგადას ესტონეთის დასაცავად

17-10-2024 17:51:56 ევროპა

დიდმა ბრიტანეთმა დანიშნა ესტონეთის თავდაცვისთვის სპეციალური ბრიგადა, რომელიც მზადაა 2025 წლის ივლისიდან ესტონეთში სწრაფად განლაგდეს ნატოს თავდაცვის გეგმებისა და ახალი საჭიროებების შესაბამისად,- წერს ERR.

ბრიტანეთის შეიარაღებული ძალები, ესტონეთში, მათ შორის, გზავნიან Challenger 3-ის ტანკებს და ასევე ემზადებიან სხვა იარაღისა და საბრძოლო მასალის წინასწარ განლაგებისთვის, რომლებიც აკმაყოფილებენ ბრიგადის საჭიროებებს.

„ესტონეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის მჭიდრო თავდაცვის თანამშრომლობა უფრო და უფრო კონკრეტულად ვითარდება. დღეს ხელმოწერილი საგზაო რუკა ეფუძნება ნატოს ახალ თავდაცვის გეგმებს.

მისი ერთ-ერთი მთავარი პუნქტია გრძელვადიანი შეთანხმება იმის შესახებ, რომ ბრიტანეთი დანიშნავს თავის მე-4 ბრიგადას ესტონეთის გასაძლიერებლად, რომელიც შენარჩუნდება და განვითარდება მაღალი მზადყოფნით, რათა გააძლიეროს ესტონეთი კრიზისის ან კონფლიქტის შემთხვევაში",- თქვა ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ჰანო პევკურმა.

ხუთშაბათს პევკური შეხვდა თავის ბრიტანელ კოლეგას ჯონ ჰილის ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის ფარგლებში.

ორივე მინისტრმა ხელი მოაწერა ორმხრივი თავდაცვის თანამშრომლობის საგზაო რუკას, რომელიც ასახავს ერთობლივ ქმედებებს ესტონეთსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის მომავალ წლებში და გრძელვადიან პერსპექტივაში ესტონეთში ნატოს აღმოსავლეთი ფრთის თავდაცვთი ბარიერის გასაძლიერებლად, - განაცხადა თავდაცვის სამინისტრომ.

ერთობლივი დეკლარაციის თანახმად, გაერთიანებული სამეფო 2025 წლის ივლისიდან შეინარჩუნებს მაღალ მზადყოფნაში მე-4 ბრიგადას, რათა სწრაფად გააძლიეროს ესტონეთის თავდაცვა ნატოს თავდაცვის გეგმებზე დაყრდნობით, თუ მსგავსი საჭიროება წარმოიშვება.

პევკურმა თქვა, რომ ბრიგადის აღჭურვილობის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთი გაგზავნის ესტონეთში უახლეს და ყველაზე მოწინავე სამხედრო საშუალებებს, როგორიცაა Archer-ის მობილური არტილერია, Boxer და Ajax ჯავშანტექნიკა და Challenger 3 ტანკები.

პევკურის თქმით, ბრიგადის განვითარების საქმიანობა ასევე მოიცავს რეგულარულ წვრთნებს.

გარდა ხსენებული ბრიგადისა, ესტონეთში მუდმივად დგას ბრიტანული ჯავშანტექნიკის საბრძოლო ჯგუფი 2017 წლიდან და არის ესტონეთის თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის შემადგენლობაში. ამავდროულად, დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს ესტონეთის დივიზიისა და მისი შტაბის განვითარებას.

თავის მხრივ, ესტონეთი უზრუნველყოფს საუკეთესო პირობებს და ინფრასტრუქტურას მოკავშირეების მასპინძლობისთვის, მათ შორის სასწავლო ობიექტებსა და ლოჯისტიკურ მხარდაჭერას. საგზაო რუკა ასევე მოიცავს შეთანხმებებს თანამშრომლობის შესახებ ერთობლივი შესყიდვებისა და თავდაცვის ინდუსტრიის განვითარების სფეროში, - იტყობინება თავდაცვის სამინისტრო.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები