Accentnews.ge
ფიქრია ჩიხრაძე: „ეს არის სახელმწიფო ინტერესების ღალატი და ამის გამო ყველას მოეკითხება“

ფიქრია ჩიხრაძე: „ეს არის სახელმწიფო ინტერესების ღალატი და ამის გამო ყველას მოეკითხება“

30/05/2019 15:05:46 თვალსაზრისი, ინტერვიუ

ანაკლიის პორტის ირგვლივ ახალი სკანდალი მწიფდება. კერძოდ, გუშინ გაირკვა, რომ ეკონომიკის სამინისტრომ ჯერ კიდევ 2 მაისს ფოთის ნავსადგურს ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვა მისცა. იმ პირობებში, როდესაც ანაკლიის პროექტს მთავრობა დეკლარირებულად განიხილავს სტრატეგიულ ობიექტად და ჯერ კიდევ 21 მაისს შეხვედრა შედგა ანაკლიის განვითარების კონსორციუმის, მათი ინვესტორი ბანკებისა და მთავრობის მონაწილეობით, მსგავსი კონკურენტული პირობების შექმნის თაობაზე არაფერი თქმულა. შესაბამისად, გუშინ გავრცელებული ინფორმაცია შოკისმომგვრელი აღმოჩნდა პორტის მშენებელთათვის. უკვე დღეს ეკონომიკის მინისტრმა ბრძანა, რომ ნებართვა გაუქმებულია და საერთოდაც მისი გაცემა კონკრეტულ მოხელეს დაუკავშირა, რაც მაინც და მაინც დამაჯერებელი არ აღმოჩნდა თავად კონსორციუმისთვის. მეტიც, კონსორციუმის შეფასებით, განვითარებული მოვლენები ადასტურებს, რომ როგორც ქვეყნის გარეთ, ისე საქართველოს მთავრობაშიც არიან ადამიანები, რომლებიც ებრძვიან პროექტს. მათივე შეფასებით, პროექტს ზიანი უკვე მიადგა, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მთავრობისადმი ნდობის საკითხი და ახლა უკვე ბურთი, ნდობის აღდგენის მიმართულებით, მთავრობის მოედანზეა. მაინც რა ხდება ანაკლიის ირგვლივ, განიხილება თუ არა მიმდინარე მოვლენები დასავლური ინვესტიციების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებად, მით უფრო რომ საქართველოს დასავლელი პარტნიორები ღიად ლობირებენ ამ პორტს, ვის ინტერესშია ანაკლიის პროექტის შეჩერება, ამ და სხვა საკითხებზე „აქცენტი“  პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს პოლიტიკურ საკითხებში ფიქრია ჩიხრაძეს ესაუბრა. 

ფიქროა ჩიხრაძე: ამ პროექტს თვალს მხოლოდ იმ პერიოდიდან არ ვადევნებ, რაც ხმაური ატყდა. ბევრად უფრო ადრე გაჩნდა საგანგაშო სიგნალები: სამწუხაროდ, ყურს მიღმა ჩაივლის ხოლმე ასეთი ამბები, მაგრამ მთელ რიგ მედიასაშუალებებში ჯერ კიდევ 2017 წლის მიწურულს გაჩნდა სპეციალური წერილები. პირდაპირ იწერებოდა, რომ ანაკლიის პორტი არ უნდა აშენებულიყო; იყო მინიშნებები ფოთის ღრმაწყლოვან პორტზე; ლანძღავდნენ კვირიკაშვილისა [ყოფილი პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი] და ხაზარაძის [TBC–ს დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე] „ტანდემს“. ხსენებული წერილები იწერებოდა და გაზეთიდან გაზეთში გადადიოდა გამზადებული სქემით, თუ როგორ შეიძლებოდა, წასულიყო პროცესი. შემდეგ ამას მოჰყვა კვირიკაშვილის გადადგომა, TBC ბანკზე შეტევა, რომელმაც ძალიან მძიმე ხასიათი მიიღო, შემდეგ ვნახეთ თითქოს გარანტიების მოცემა საზოგადოებისთვის, რომ ანაკლიის პროექტს არაფერი ემუქრება. მიუხედავად ამისა, პირადად მე სულ ველოდი, რომ უახლოეს პერიოდში გამოჩნდებოდა ფოთის პორტის თემა და სამწუხაროდ, გამოჩნდა კიდეც. ეჭვიც არ უნდა გვეპარებოდეს, რომ ეს ყველაფერი სრულიად გამიზნულად გაკეთდა. ვიმეორებ, ეს აღწერილი იყო ჩემს მიერ ხსენებულ წერილებში თავისი პერსონალიებით – ვინ ვის ლობირებდა, რომელ პროექტს, რომელი რატომ არ უნდა განხორციელებულიყო და ა.შ. ამდენად, ჩვენ მოულოდნელს არაფერს ვხედავთ. აბსოლუტურად ყურით მოთრეული იყო ის თემები, რის გამოც TBC ბანკზე, პერსონალურად მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეზე დაიწყო შტურმი. ინტერესი შემდეგი გახლდათ: ჯერ პერსონალურად შეეზღუდათ ისინი, შემდეგ ბანკზე მიეტანათ დარტყმა, ბუნებრივია, ბანკის გადარჩენა სერიოზული ინტერესი იყო, და ეს ყველაფერი უკვე თავისთავად განაპირობებდა შტურმს ანაკლიის პროექტზე. ეს შეგვიძლია, პირდაპირ სახელმწიფო ინტერესების ღალატად განვიხილოთ და ადრე თუ გვიან ეს საკითხი აუცილებლად დადგება, ყველას წვლილი გამოიკვეთება, რადგან საქართველოს თუ რამ სტრატეგიული ინტერესი გააჩნია, სწორედ ანაკლიის პროექტი მოიაზრება სამომავლო სტრტაეგიულ ინტერესებში. ამის თაობაზე ჩვენ მარჩიელობა და ვარაუდები არ გვჭირდება.ეს ცხადად არაერთხელ დადასტურდა ჩვენი პარტნიორების ადრინდელ თუ ბოლოდროინდელ განცხადებებში და ინფორმაციაში.   ამდენად, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რა მიზეზით ცდილობს ამას – პიროვნული დაპირისპირების, ფინანსური ნაკადების კონტროლის სურვილით, თუ გარკვეული პოლიტიკური დავალებებით, ფაქტია რომ განხორციელდა, ხორციელდება და როგორც ჩანს, ამ საქმის ბოლომდე მიყვანასაც აპირებენ, ეს არის სახელმწიფო ინტერესების ღალატი და ამის გამო ყველას მოეკითხება.  

ბუნებრივია, უნდა ვივარაუდოთ, მაგრამ მაინც ვიკითხავ – რა ინტერესები შეიძლება, იდგეს ამ პრობლემების უკან? გავყვეთ ლოგიკას...

შეგვიძლია, ჩვენ ჩვენი ლოგიკა მოვიხმოთ და ინფორმაციები გარკვეული ინტერესების თაობაზე, რაც ისედაც ცნობილია საზოგადოებისთვის: გვახსოვს ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუები, როდესაც მან ღიად გამოთქვა წყრომა და უკმაყოფილება მამუკა ხაზარაძისა და TBC ბანკის მიმართ, ასევე შეგვიძლია, ავიღოთ ამ საკითხებთან დაკავშირებით თანამდებობის პირთა მოსაზრებები, საკომიტეტო განხილვა და სხდომა, რომელიც ამ თემაზე შედგა პარლამენტში და თუ ცოტა ანალიზის უნარი გვაქვს, ყველაფერი ცხადი გახდება – ვის რატომ და რა პოზიცია უჭირავს ამ საკითხში, მაგრამ ისევ ვიმეორებ, სანამ ეს ყველაფერი ჩვენთვის ასეთი ცხადი გახდებოდა, წინასწარ იყო აღწერილი რამოდენიმე გაზეთში. ერთი წერილი მე მახსოვს „ასავალ–დასავალში“ და შემდეგ გადაბეჭდილი სხვაგან, გადანახული მაქვს. 

ხშირად მახვილდება ყურადღება, თუ ვის ინტერესებში არ შედის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა. ამ კონტექსტში მუდმივად არის საუბარი რუსეთზე. განვითარებული მოვლენები პერსონალურ კონფლიქტად უნდა განვიხილოთ, თუ თანამშრომლობად მტრულად განწყობილ სახელმწიფოსთან?

ეს ორი რამ ერთმანეთს არ გამორიცხავს. ფინანსური გავლენის მქონე ჯგუფი თუ სრულად კონტროლირებადი არ არის,  ეს ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში არ შედის; თუ არ არსებობს კონტროლირებადი მედია, რა თქმა უნდა, ასევე არ შედის მმართველი ძალის და ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში და, რა თქმა უნდა, საქართველოს სტრატეგიული ინტერესის განმტკიცება და მისთვის მექანიზმების შექმნა არ შედის რუსეთის ინტერესში და ამას ნებით აკეთებს ვინმე თუ უნებლიედ, ქართული სახელმწიფოსთვის არსებითი მნიშვნელობა შეიძლება, აღარც ჰქონდეს: დანაშაულია, როდესაც ხელისუფლება ვერ ხვდება, რომ მტრის საქმეს აკეთებს და უბედურებაა, თუ ისეთი ხელისუფლება გყავს, რომელიც ხვდება, რომ ძალიან სერიოზულ დარტყმას აყენებს სახელმწიფოებრივ ინტერესს და მაინც მიდის ამ ნაბიჯზე.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს თუ მოვიშველიებთ, დასავლური ინვესტიციები საქართველოში შემცირებულია. მთავრობა ამ გარემოებას რიგი პროექტების დასრულებით განმარტავს. ხელისუფლებას კი აქვს დეკლარირებული, რუსეთზე ეკონომიკური ბმისგან გათავისუფლება გვსურსო, მაგრამ მსგავსი ქმედებები, რასაც ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ვადევნებთ თვალს, რამდენად უწყობს ხელს საინვესტიციო გარემოს?

ბუნდოვანება, გაურკვევლობა, გადაწყვეტილების მიღების მექანიზმის არარსებობა ჩვენს პოლიტიკურ რეალობაში ყველაფერს აზარალებს: დემოკრატიულ პროცესს, ბიზნესის განვითარებას... წარმოიდგინეთ სიტუაცია, რომ სერიოზული კაპიტალის ჩადების ინტერესია საქართველოში, მაგრამ ამ ინტერესის და რესურსის მქონე ადამიანს არ ჰქონდეს გარანტია, მათ შორის სამართლებრივი თვალსაზრისით (როგორ მდგომარეობაშია ჩვენი სასამართლო სისტემა, ეს მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ იცის), ამასთან ჩვენთან არაფორმალური მმართველობაა, არსებობს კლანური ინტერესები და თუ კონკრეტულ სახელებსა და გვარებს არ გაურიგდით, წარმატებულად ინვესტიციას ვერ განახორციელებთ. მსგავს ვითარებაში საქართველოში სერიოზული კაპიტალის ჩადება ვინმეს რომ მოუნდეს, სწორედ ეს იქნება გასაკვირი.  გაურკვევლობამ, უპერსპექტივობის განცდამ შეჭამა ყველაფერი: ეკონომიკა, მედია, პოლიტიკა, ბუტაფორიულ მდგომარეობაშია  სახელმწიფო და ამას სჭირდება ძალიან სერიოზული დაფიქრება, შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა, რადგან რაღაც კრიტიკულ მომენტში შესაძლოა, უცებ ხუხულასავით ჩამოიქცეს ქვეყანა და ჩვენ აღარ გვქონდეს მექანიზმი, წინ აღვუდგეთ ამას.

და ბოლოს, მკითხველისთვის გასაგები რომ იყოს, გვითხარით თქვენი ხედვა – რატომ ანაკლია და არა ფოთის პორტი?

ანაკლიის პორტზე არათუ სამუშაოებია დაწყებული, ძალიან სერიოზული მოლაპარაკებებია გამართული როგორც ფინანსურ პარტნიორებთან, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით იმ გარანტორებთან, რომელთა მხარდაჭერაც მსგავსი გრანდიოზული პროექტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ღიმილსმომგვრელია ერთ ბეწო ქვეყანაში, გვერდიგვერდ არსებული გეოგრაფიული არეალებისთვის ამ სფეროში კონკურენციის გაჩენა. რა თქმა უნდა, კონკურენცია კარგია, მაგრამ მაშინ, როდესაც ის დაშვებულია ბანკებს,  საფინანსო ინსტიტუტებს, აფთიაქებს შორის, როლებიც ძალიან ბევრ ბერკეტს ფლობენ და მონოპოლისტებად ჩამოყალიბდნენ და არა სტრატეგიული ინტერესის და დატვირთვის მქონე პროექტებში. მსგავს შემთხვევაში ასეთი ტიპის კონკურენცია იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი კეთდება ანაკლიის უკვე დაწყებული, საფუძველჩაყრილი პროექტის ჩაძირვისთვის და სრულიად ახალი პროექტის დაწყებისთვის, რომელზეც წარსულშიც იყო საუბარი, მაგრამ მას არც ფინანსური და არც პოლიტიკური მხარდამჭერები არ გამოუჩნდა. ეს ყველაფერი ვის ინტერესში შეიძლება შედიოდეს? ვფიქრობ, ძალიან ცხადია: შესალოა, ვიღაცას ამაში წმინდა წყლის ფინანსური ინტერესი აქვს, მაგრამ არის ქვეყანა, რომელსაც აქვს პოლიტიკური ინტერესი – საქართველოს თავისი დამოუკიდებელი სტრატეგიული პოტენციალი არ გააჩნდეს.  


ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S