
„OSCE/ODIHR–ის მთავრი მოთხოვნაა, საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება პოლიტიკური სუბიექტების ფართო კონსენსუსისა და ჩართულობის შედეგად მოხდეს“
06/02/2020 13:37:59 საშინაო პოლიტიკა
OSCE/ODIHR–ის მთავარი მოთხოვნაა, საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება პოლიტიკური სუბიექტების ფართო კონსენსუსისა და ჩართულობის შედეგად მოხდეს, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ OSCE/ODIHR–ის დასკვნის კომენტირებისას განაცხადა.
„მე პირადად არ მქონდა ძალიან მაღალი მოლოდინი, რომ ODIHR პირდაპირ იტყოდა, კონსტიტუციური იყო თუ არა ოპოზიციის საარჩევნო საკანონმდებლო ინიციატივა, თუმცა შესაძლებელი იყო, რომ გარკვეული მინიშნებები, თუნდაც ირიბად, გაკეთებულიყო მათი მხრიდან იმაზე, რამდენად შეესაბამებოდა წარმოდგენილი კანონპროექტი საერთაშორისო სტანდარტებს, ასევე მოქმედი საკონსტიტუციო ჩარჩოს ფარგლებში რამდენად შესაძლებელი იყო ამ საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება. OSCE/ODIHR-მა განაცხადა, რომ ის საერთოდ ვერ იმსჯელებს, წარმოდგენილი კანონპროექტი არის თუ არა კონსტიტუციასთან შესაბამისობაში, მან აპრიორი უარი განაცხადა ამაზე მსჯელობაზე, თქვა, რომ ეს არის კონსტიტუციურობის საკითხი და ეს უნდა გადაწყვიტოს ეროვნულმა სასამართლოებმა. ჩვენს შემთხვევაში ასეთია საკონსტიტუციო სასამართლო, თუმცა ის არ განიხილავს კანონპროექტის კონსტიტუციურობას, ის განიხილავს უკვე მიღებული კანონების კონსტიტუციურობას და, შესაბამისად, საქართველოში არ არსებობს ისეთი ინსტიტუტი, რომელიც იტყვის, არის თუ არა კანონპროექტი კონსტიტუციური. მაგრამ OSCE/ODIHR-მა გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი, როდესაც თქვა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ქვეყანა რა ტიპის საარჩევნო სისტემას აირჩევს, - არც ერთი საერთაშორისო სტანდარტი არ ამბობს, რომ კონკრეტულად ეს ან ის სისტემა უნდა ჰქონდეს რომელიმე ქვეყანას, - მაგრამ საერთაშორისო სტანდარტი ამბობს, რომ საარჩევნო სისტემა უნდა იყოს შერჩეული ფართო, ინკლუზიური დებატის და ფართო პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე. ეს ნამდვილად წარმოადგენს მოთხოვნას და საერთაშორისო სტანდარტს. მათი ძირითადი მოთხოვნაც და რეკომენდაციაც არის ის, რომ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება მოხდეს პოლიტიკური სუბიექტების ფართო კონსენსუსისა და ჩართულობის შედეგად“,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
მისივე თქმით, "სახალხო დამცველმა პოზიტიური როლი შეასრულა და მაქსიმუმი გააკეთა, რათა საერთაშორისო, კომპეტენტური ორგანიზაციის დასკვნა ყოფილიყო ამ საარჩევნო სისტემის კანონპროექტთან დაკავშირებით".
ცნობისთვის: OSCE/ODIHR–ის დასკვნაში, რომელშიც ოპოზიციის მიერ შემუშავებული და საქართველოს კონსტიტუციასთან ადაპტირებული ე.წ გერმანული საარჩევნო მოდელია განხილული, ნათქვამია, რომ მსგავს სისტემაზე გადასვლა "შესაძლებელია, განხორციელდეს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანით, რაც, კონსტიტუციის თანახმად, ხმათა უბრალო უმრავლესობითაა შესაძლებელი".