რას პროგნოზირებს მსოფლიო ბანკი საქართველოს ეკონომიკური ზრდის შესახებ და რას ასახელებს მთავარ რისკად

17-10-2024 18:45:30 ეკონომიკა

მსოფლიო ბანკმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომელშიც რეგიონის და მასში შემავალი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზებია წარმოდგენილი.

ანგარიშის თანახმად, კრიზისების სერიის შემდეგ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის განვითარებად ქვეყნებში ეკონომიკური ზრდა სტაბილიზაციას განიცდის, თუმცა ადრეული 2000-იანი წლების დონეს ჩამორჩება.

მსოფლიო ბანკის პროგნოზის მიხედვით, საქართველოში 2024 წელს ეკონომიკური ზრდა 7.5 პროცენტს მიაღწევს.

საქართველოს შესახებ ეკონომიკური მიმოხილვის ქვეთავში მსოფლიო ბანკი რისკებზეც ამახვილებს ყურდაღებას და ამ კუთხით მთავარ ფაქტორად გაურკვევლობას ასახელებს, რაც, მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, "უკავშირდება არჩევნების შემდგომ პერიოდს და საქართველოს მიერ გადამწყვეტი პროგრესის მიღწევას ევროკავშირის წევრობის გზაზე".

"რეგიონული ეკონომიკური მიმოხილვა

  • ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში (ECA) ეკონომიკური ზრდა 2023 წელს არსებული 3.5 პროცენტიდან წელს, სავარაუდოდ, 3.3 პროცენტამდე შენელდება.
  • ბევრ ქვეყანაში აღინიშნება სამომხმარებლო ხარჯების მატება რეალური ხელფასების, სოციალური ტრანსფერების და ასევე კრედიტების მნიშვნელოვანი ზრდის გამო. აღნიშნულის საპირისპიროდ, საგარეო მოთხოვნა ნაკლებად სახარბიელო დონეზეა მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში, ძირითადად ევროკავშირში, სუსტი ეკონომიკური ზრდის ფონზე.
  • სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2024 წელს, სავარაუდოდ, 4.6 პროცენტი იქნება, რაც ECA-ს ყველა ქვერეგიონს უსწრებს და ივნისის პროგნოზთან შედარებით 1.1 პროცენტული ერთეულით გაუმჯობესებას ასახავს. თუმცა, სამხრეთ კავკასიაში ფულადი გზავნილების ზრდა შენელდა.

საქართველოს ეკონომიკური მიმოხილვა

  • პროგნოზის მიხედვით, საქართველოში 2024 წელს ეკონომიკური ზრდა 7.5 პროცენტს მიაღწევს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება პოტენციურ დონეს და განპირობებული იქნება შინამეურნეობების კერძო სამომხმარებლო და სახელმწიფო ხარჯებით, ასევე ინვესტიციებით.
  • რეექსპორტი ცენტრალურ აზიაში (ძირითადად მეორადი ავტომობილების სახით) მკვეთრად გაიზარდა განსაკუთრებით გასული წლის განმავლობაში, თუმცა სავაჭრო დეფიციტი, სავარაუდოდ, ორნიშნა დონეზე შენარჩუნდება.
  • პროგნოზის თანახმად, საშუალოვადიან პერიოდში ზრდა 5 პროცენტამდე შენელდება და თავის პოტენციურ დონეს დაუბრუნდება.
  • ძირითადი რისკები მოიცავს გაურკვევლობას, რაც უკავშირდება არჩევნების შემდგომ პერიოდს და საქართველოს მიერ გადამწყვეტი პროგრესის მიღწევას ევროკავშირის წევრობის გზაზე", – ნათქვამია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები