ევროპული საბჭო: საქართველოს მთავრობის მოქმედებები საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ გზას

18-10-2024 09:45:34 პოლიტიკა

ევროპულმა საბჭომ დაადასტურა "ევროკავშირის მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს ევროპულ გზაზე" და ამასთან, კვლავ გამოხატა "სერიოზული შეშფოთება საქართველოს მთავრობის მოქმედებების გამო, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფუძემდებლურ ფასეულობებს და პრინციპებს". ამის შესახებ საუბარია ევროპული საბჭოს დასკვნაში, რომელიც ევროკავშირის ლიდერებმა საბჭოს ორდღიანი სხდომის პირველი დღის ბოლოს, 17 ოქტომბერს გამოაქვეყნეს.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, "მოქმედებების ასეთი კურსი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და დე ფაქტო აჩერებს ევროკავშირში გაწევრების პროცესს".

"ევროპული საბჭო მოუწოდებს საქართველოს, განახორციელოს ევროინტეგრაციის ძირითად პრინციპეთან შესაბამისი დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები.

ევროპული საბჭო განაგრძობს საქართველოში სიტუაციაზე ყურადღებით დაკვირვებას და მოელის, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი, სამართლიანი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი და საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს შეუფერხებელი წვდომა ექნებათ.

ევროპული საბჭო ხაზს უსვამს თავისუფალი, დამოუკიდებელი და პლურალისტური მედიის დაცვის საჭიროებას.

საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ხაზს უსვამს ევროკავშირის უცვლელ ერთგულებას კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისა და არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკისადმი", – ნათქვამია დასკვნაში.

ევროკავშირის უმაღლესი ორგანო, ევროპული საბჭო, რომელსაც შარლ მიშელი ხელმძღვანელობს, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მეთაურებს და ევროკომისიის პრეზიდენტს აერთიანებს. 17 ოქტომბერს გამოქვეყნებული დასკვნა ეხება სხვადასხვა საკითხს და ქვეყანას, მათ შორის ომს უკრაინაში და ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებას.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები