"ვერ გაუძლეს ბულინგს" - თბილისის მერია "მგზავრების" მიერ კონცერტის გაუქმებაზე

18-10-2024 10:42:18 საზოგადოება

თბილისის მერია, სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ დაანონსებული აქციის პარალელურად, 20 ოქტომბერს მოქალაქეებს ზღვისუბნის პარკში კონცერტზე ეპატიჟება და "დაუვიწყარ საღამოს" ჰპირდება.

მერია ამავე ღონისძიებაზე ჯგუფი "მგზავრების" მიერ კონცერტის გაუქმებასაც გამოეხმაურა და აღნიშნავს, რომ "მგზავრებმა" ე.წ. ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენლების "ბულინგს ვერ გაუძლეს".

"სამწუხაროა, რომ "მგზავრებმა" ვერ გაუძლო იმ ბულინგს, რაც ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენლებმა მათ წინააღმდეგ მოაწყვეს.

ამ ფაქტით კიდევ ერთხელ დასტურდება, რამდენად მზად არიან ე.წ რადიკალები, ყველაფერი გააკეთონ საკუთარი ქალაქის და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ", - ვკითხულობთ განცხადებაში.

რაც შეეხება პარკის გახსნას, მერიის ცნობით, "ღონისძიება შედგება" და "თბილისელები თავიანთი ქალაქისთვის მნიშვნელოვან მოვლენას სათანადოდ აღნიშნავენ".

სამოქალაქო ორგანიზაციების გაერთიანება, "ჩემი ხმა ევროკავშირს" 20 ოქტომბერს თბილისში მარშს, "საქართველო ირჩევს ევროკავშირს", გამართავს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები