
დააკავეს რუსი მაღალჩინოსანი, რომელიც საქართველოში ძვირადღირებულ უძრავ ქონებას მალავდა
18/10/2024 10:15:29 პოლიტიკა, სამართალი
როსპრიროდნადზორის სამხრეთ ციმბირის რეგიონთაშორისი სამმართველოს უფროს ანდრეი ფროლოვს თურქეთსა და საქართველოში ძვირადღირებული უძრავი ქონება აღმოუჩინეს, რომლის შესახებ ინფორმაციასაც იგი საგულდაგულოდ მალავდა.
რუსეთის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებამ ანტიკორუფციული კანონმდებლობის არაერთი სხვა უხეში დარღვევაც გამოავლინა როგორც თავად ფროლოვის, ისე მის ქვეშევრდომთა მხრიდან, რის შედეგადაც სახელმწიფოს 5 მლნ რუბლზე მეტი ოდენობის ზარალი მიადგა.
ამ დროისთვის რუსი მაღალჩინოსანი გათავისუფლებულია თანამდებობიდან "სანდოობის დაკარგვის" გამო, დაკავებულია და ალტაის საოლქო იზოლატორშია გადაყვანილი, სადაც დაელოდება გასამართლებას რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი - "სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა" და "კანონიერი სამეწარმეო საქმიანობისთვის ხელის შეშლის" მუხლით.
რა ძვირადღირებულ ქონებას ფლობდა რუსი მაღალჩინოსანი საქართველოსა და თურქეთში - რუსეთის მთავარი პროკურატურა არ ამხელს.