
სეულის ცნობით, ფხენიანმა მოსკოვს 12 ათასი ჯარისკაცი გაუგზავნა
18/10/2024 12:10:35 მსოფლიო
სამხრეთ კორეის ეროვნულმა სადაზვერვო სამსახური აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეამ 12 ათასი სამხედრო გაგზავნა რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ ომში დასახმარებლად. ამის შესახებ სააგენტო Yonhap-ი იტყობინება.
როგორც ამტკიცებენ, ფხენიანმა ეს გადაწყვეტილება უკვე მიიღო და ჯარების დისლოკაციის შეცვლა უკვე დაწყებულია. საუბარია ოთხ სამხედრო ბრიგადაზე, მათ შორის სპეცდანიშნულების ქვედანაყოფებზე.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სოკ-იოლმა უსაფრთხოების საკითხებზე საგანგებო თათბირი გამართა. მან ჩრდილოეთ კორეის ჯარების რუსეთში გაგზავნას უსაფრთხოების სერიოზული საფრთხე უწოდა სამხრეთ კორეისა და მსოფლიო საზოგადოებისთვის.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა უკრაინაში რუსეთის შეჭრაში ჩრდილოეთ კორეის სამხედროების შესაძლო მონაწილეობის შესახებ. გარდა ამისა, უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეის დაახლოებით 11 000 ჯარისკაცი უკვე გადის წვრთნას აღმოსავლეთ რუსეთში და რომ პირველი ქვედანაყოფი კურსკის რეგიონში გასაგზავნად ემზადება.
ჩრდილოეთი კორეა ღიად უჭერს მხარს მოსკოვს, ამარაგებს საარტილერიო ჭურვებითა და რაკეტებით. ივნისში მოსკოვმა და ფხენიანმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს ორმხრივ სამხედრო დახმარებას მესამე ქვეყნის მხრიდან აგრესიის შემთხვევაში.